კვირიკაშვილი – “დასავლეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება”

კვირიკაშვილი - "დასავლეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება"დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალზე“ სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად.

– ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი.

ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა და ღვაწლი, რომელიც გამოიხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღს წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი.

კერძოდ, მინდა აღვნიშნო ბოლო წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი დიპლომატიის წარმატებული ძალისხმევა:

მიმდინარე წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოში სამჯერ გაიმართა უმაღლესი დონის დებატები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ;

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში პირველად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება;

კიდევ უფრო გაიზარდა მხარდაჭერა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება;

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ევროპის საბჭოში, სადაც რუსეთს დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას;

რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ აღნიშნულ სიტუაციაზე არაერთგზის გაიმართა მსჯელობა ეუთოს ფარგლებში, სადაც რეგულარულად კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან;

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამყარების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის კანონში პირველად გაჩენილი ჩანაწერი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე ქვეყანამ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიუპოსტი