მარიამ კუკუნაშვილი: “ჩემი ქმრისთვის კარგი ქალობა კარგ მზარეულობასთან არ ასოცირდება”

მარიამ კუკუნაშვილი: "ჩემი ქმრისთვის კარგი ქალობა კარგ მზარეულობასთან არ ასოცირდება"სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ კარგი კულინარიული ცოდნა აქვს. მართალია, მას თითქმის არ იყენებს, მაგრამ მის მიერ მოწოდებული რეცეპტები დიასახლისებს ძალიან გამოადგებათ.
მარიამ კუკუნაშვილი:
– თითქმის ყველანაირი კერძის გაკეთება ვიცი, მაგრამ არ ვამზადებ. იშვიათად, შეიძლება წელიწადში ერთხელ, ხორცის რულეტი გავაკეთო, ისიც, თუ განსაკუთრებულ სტუმრებს ველოდები, მაშინ.
ხორცის რულეტის რეცეპტი ასეთია: 2-ჯერ გავატაროთ ერთი კილოგრამი ძროხის (დეკეულის) ხორცი 2 თავ ხახვთან ერთად. დავუმატოთ ჩაის კოვზზე ცოტა ნაკლები მარილი და ამდენივე შავი პილპილი. ჩავტეხოთ 3 კვერცხი და ვზილოთ ცომივით 5 წუთი. სამზარეულოს ფიცარზე ქურის ლანგრის მოცულობის ცელოფანი გავშალოთ, კარგად დავასველოთ და მომზადებული ფარში გავაბრტყელოთ ნამცხვრის ფირფიტასავით.
ნაპირიდან 10 სანტიმეტრ სიგრძეზე დავალაგოთ საშუალო ზომის მოხარშული 6-7 კვერცხი (ერთმანეთის გვერდით) და ცელოფნის გამოყენებით გადავახვიოთ რულეტი. გადავიტანოთ ცხიმწასმულ ლანგარზე და შევდგათ გახურებულ ღუმელში, 200 გრადუსზე 40-45 წუთი. სასურველია, სიმხურვალე ქვემოდან და ზემოდან თანაბრად იყოს.
კარგად რომ შეწითლდება, გამოვიღოთ, დავჭრათ ცივი, მჭრელი დანით. დავალაგოთ სალათის ფოთლებზე და მოვულაგოთ ზეთისხილი.
– თქვენი რაციონი როგორია?
– რაციონიდან საერთოდ ამოღებული მაქვს ნახშირწყლები. ჩემი საკვებია დილით 3 კვერცხი და შუადღეს – თევზი, ქათამი, ბოსტნეულის სალათი. სულ ეს არის. ბურღულეულს, ცომეულს, ტკბილეულს, რძის პროდუქტებს არ მოვიხმარ.
– რომელი სალათი გიყვართ და როგორ ამზადებთ?
– გაგიზიარებთ კომბოსტოს სალათის რეცეპტს. ძალიან გემრიელია. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს სალათიც და ხორცის რულეტის რეცეპტიც ადრე დედამ მასწავლა.
გავრეცხოთ 1 საშუალო ზომის კომბოსტო, მოვწალოთ, დავშალოთ ფურცლებად. ცოტა მარილი მოვაყაროთ, უხეში ნაწილები ავაჭრათ – როგორც სატოლმეს, ისე, დავკეცოთ ტოლმასავით. შემდეგ ორ ხელისგულში მოვაქციოთ, გავწუროთ, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში (2 კვერცხი საკმარისია), შემდეგ სიმინდის ფქვილში ან მანიში და შევწვათ ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე.
შემდეგ გადმოვიღოთ, შევაგრილოთ და ჩავალაგოთ მომზადებულ სოუსში, რომელიც ასე მზადდება: 1 მაიონეზი გავხსნათ, შევათქვიფოთ 50 გრამი ანადუღარი და გაციებული წყალი, დავუმატოთ 1 ნაყინის კოვზი ზაფრანა, მარილი გემოვნებით, 2 კბილი ნიორი და ნახევარი კონა კამა. ფენა-ფენა ჩავაწყოთ შემწვარი კომბოსტო. ისე, რომ ყველა ფენას მოხვდეს მაიონეზი, ზემოდან მოვაყაროთ მორჩენილი წვრილად დაჭრილი კამა.
– როგორც ვიცი, ხშირად მოგზაურობთ. რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონებიათ?
– ყველაზე მეტად მომწონს ტაილანდური, მექსიკური და ინდური საჭმელები, თუმცა იქაც ჩემი შეზღუდვები მოქმედებს. მექსიკაში ქათმის ფახიტით შემოვიფარგლები, ტაილანდში – ქათმის ქაო ფადით და ინდოეთში – ქათმის ან თევზის ტიკათი. საუზმეზე 3 კვერცხი – ეს ყველა ქვეყანაში იგივე რჩება.
– ცხობა დღესაც გამოგდით?
– ადრე დავდიოდი ტორტების შესწავლის და გაფორმების ჯგუფში. ამ მიმართულებით სერიოზული განათლება მაქვს მიღებული, მაგრამ არ ვიყენებ. მეც და ჩემი მეუღლეც სპორტით ვართ დაკავებული და ცომეულსა და ტკბილეულს ვერიდებით. ვცდილობთ, შვილებსაც ჯანსაღი კვების ჩვევები ჩამოვუყალიბოთ და ცომეულითა და ტკბილეულით იშვიათად ვანებივრებთ.
– მაინც გთხოვთ, რომელიმე ტკბილეულის რეცეპტი გაგვანდოთ, რომელსაც ოდესღაც ამზადებდით.
– ბრაუნის რეცეპტს ჩაგაწერინებთ: შოკოლადის კუბიკები ჩაყარეთ ჯამში კარაქთან ერთად და შედგით მიკროტალღურ ღუმელში. ცალკე კარგად ათქვიფეთ 2 კვერცხის გული, 2 მთლიანი კვერცხი 4 სუფრის კოვზ შაქარსა და 4 სუფრის კოვზ ფქვილთან ერთად. მომზადებული მასა დაამატეთ შოკოლადის გამდნარ მასას, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, ჩაასხით ფორმებში და შედგით ღუმელში გამოსაცხობად 10 წუთით.
– ამდენი რეცეპტი იცით და საცოდაობაა, რომ არ ამზადებთ.
– სამწუხაროდ, ჩემს სამზარეულოში ყველაზე ცხელი, რაც კეთდება, ეს ჩაი და ყავაა. ამაზე გული მწყდება და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ, რა უნდა დაამახსოვრდეთ ჩემს შვილებს დედის მზრუნველობის შესახებ.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”