„პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, სად წავიდა 2 მილიონი”
საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო არაერთი სკანდალი აგორებულა. თუმცა ამის გამო თითქმის არავინ დაუსჯიათ. პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით კვლევას ასაჯაროებს და მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
როგორც “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, “ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერებს ბიუჯეტიდან აფინანსებს.
ჭალიძის განმარტებით, მხარდამჭერების დასაფინანსებლად “ოცნებამ” ამჯერად ერთჯერადი დახმარებები გამოიყენა.
მისივე განმარტებით, ერთჯერადი დახმარებები სოციალურად დაუცველებზე გაიცემა. თუმცა ისე ხდება, რომ სოციალურად დაუცველები ამ თანხებს ვერ ღებულობენ.
– ჩვენ თბილისის მასშტაბით ჩავატარეთ ძალიან საინტერესო კვლევა. 16 თვის მანძილზე, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, 5.478.537 ლარის ფინანსური დახმარება გაიცა. საუბარია ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც, როგორც წესი, უნდა მიიღონ სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ.
ერთჯერადი დახმარების მისაღებად გამგეობებს ბევრმა გაჭირვებულმა მიმართა, მაგრამ მათ დიდ ნაწილს თანხების არარსებობის გამო დახმარებაზე უარი უთხრეს, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში ჭალიძე.
მისი თქმით, ისინი დაინტერესდნენ, თუ რა პრინციპებით გასცემენ გამგეობები ერთჯერად დახმარებას, თუმცა გამგეობებიდან პასუხი ვერ მიიღეს.
– ჩვენ თბილისის ათივე გამგეობიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. სამმა გამგეობამ საერთოდ უარი გვითხრა ინფორმაციის მოწოდებაზე. მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა დაასახელეს. დანარჩენ 7 გამგეობაში გვითხრეს, რომ აღრიცხვას არ აწარმოებენ. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ ვის აძლევენ ისინი ერთჯერად დახმარებას, – აღნიშნავს ჭალიძე.
ერთჯერადი დახმარებები 50 ლარიდან 1.500 ლარამდე მერყეობს. გასაცემი თანხის ოდენობას გამგეობა ადგენს.
კვლევის ავტორების აზრით, საქმე გვაქვს მასშტაბურ კორუფციასთან. დეტალების გარკვევას ისინი პროკურატურისგან ითხოვენ.
– ჩვენ ვერ დაგვისაბუთეს, თუ რა პრინციპით ადგენენ გასაცემი თანხის ოდენობას. ვერც ის აგვიხსნეს, რატომ არ დაეხმარნენ სოციალურად დაუცველებს.
იმ პერიოდში, როცა ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, 22.000-ზე მეტ ადამიანზე გაიცა ერთჯერადი დახმარება. აქედან სოციალურად დაუცველი მხოლოდ 14.869 პირია, რატომ დაეხმარნენ დანარჩენებს, ეს გაურკვეველია. გამომდინარე იქიდან, რომ გამგეობები ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან, ჩვენ მთავარ პროკურატურას მივმართავთ განცხადებით. იმედია, ისინი დაინტერესდებიან ამ საქმით. ეს არის მასშტაბური კორუფცია და ამ გზით მარტო თბილისში 2 მილიონზე მეტი მიდის გაურკვეველი მიმართულებით, – აცხადებს “ახალი საქართველოს” წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, ერთჯერადი დახმარებები ძირითადად არჩევნების წინა პერიოდში გაიცემა.
– გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ თანხებს გამგეობები თავიანთ მხარდამჭერებზე, კოორდინატორებზე და ქუჩის მხარდამჭერებზე გასცემენ. მაგალითად, უბანში ბიჭებს ფანჩატურში ქეიფი მოუნდათ. მივლენ გამგეობაში და განცხადებას დაწერენ. გამგეობა მათ ამ ფულს აძლევს. მე არ მესმის, რატომ უნდა ფინანსდებოდეს ვიღაცის ქეიფი ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან. საგამოძიებო უწყებას ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას გადავცემთ და ახლა პროკურატურამ გაარკვიოს, სად წავიდა, სულ მცირე, 2 მილიონი, – აღნიშნა ჭალიძემ.
მისი თქმით, ყველაზე მეტი თანხა კრწანისის გამგეობას აქვს გაცემული. ჭალიძე ვარაუდობს, რომ ერთჯერადი დახმარებების გაცემის კუთხით მთელს საქართველოში ისეთივე სურათი იქნება, როგორიც თბილისშია.

