თინა ხიდაშელი: „ლეონიდ კალაშნიკოვი 2013 წელს ქვეყანაში არ შემოვუშვით“

თინა ხიდაშელი: „ლეონიდ კალაშნიკოვი 2013 წელს ქვეყანაში არ შემოვუშვით“ლეონიდ კალაშნიკოვი ის კაცია, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, 2013 წელს თედო ჯაფარიძის და ჩემი რეკომენდაციით და მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არ შემოვუშვით, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას.

– ლეონიდ კალაშნიკოვი საქართველოში გეგმავს ჩამოსვლასო. მერე რომ არ თქვან – არ ვიცოდითო, ეს ის კაცია, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2013 წელს თედო ჯაფარიძის და ჩემი რეკომენდაციით და მაშინდელი პრემიერის ივანიშვილის გადაწყვეტილებით არ შემოვუშვით ქვეყანაში არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი. მაშინ არც კი უფიქრია მაშინდელ პრემიერს, როდესაც ვითარება გავაცანით, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად სანქციას დაგვადებდა ევროსაბჭო, მაშინვე დაგვთანხმდა. იმედია, არაფერი შეიცვლება დღეს, – წერს თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

რუსული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია გეგმავს.