თურქეთის ელჩმა შარშანდელ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის ელჩმა შარშანდელ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართათურქეთის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქეთის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც 2016 წლის 15 ივლისს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ისაუბრა.

ელჩის თქმით იმ ღამეს თურქეთი განადგურებას გადაურჩა, რადგან სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით რომ დამთავრებულიყო, ამ შემთხვევაში თურქეთი არსებობას შეწყვეტდა. გარდა ამისა, თურქეთის ელჩმა ის ადამიანები გაიხსენა ვინც ამ ღამეს შეეწირნენ. სულ ასეთი 250 ადამიანი იყო.

”ფეთჰულა გიულენის ხალხი მშვიდობიან მოსახლეობას იარაღით დაუპირისპირდა, ხოლო ხალხი კი გმირობის ფასად მათ არ დანებდნენ. ეს იყო ერთგვარი სამოქალაქო ომი, რომელსაც კარგი შედეგი არასოდეს არ მოაქვს”– განაცხადა ლევენთ გუმრუქჩუმ.

თურქეთის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გიულენის ორგანიზაციის ყველა წევრი კანონის ფარგლებში დაისჯება, ხოლო თურქეთი კი ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობს.

ლევენთის თქმით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თურქეთს შარშან მხარდაჭერა გამოუცხადა და პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ანკარაში ვიზიტიც შედგა.