ტრამპი: ”რატომ მოვუხსნა რუსეთს სანქციები, თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ?”

ტრამპი: ”რატომ მოვუხსნა რუსეთს სანქციები, თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ?””პუტინის თეთრ სახლში მიწვევის დრო ჯერ არ დამდგარა”

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ბიზნესით არის დაკავებული, გარიგებებს დებს და არ ესმის, რატომ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები, სანაცვლოდ თუ არაფერს მიიღებს.

_ არასოდეს მოვხსნიდი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიდრე სირიაში და უკრაინაში არ გაკეთდება რამე ისეთი, რაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენთვის და ყველასთვის. მე კარგი გარიგებები დამიდია, ბევრი ფული გამიკეთებია, ეს ის არის, რითიც დაკავებული ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. რატომ უნდა მოვხსნა სანქციები თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ?! _ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-მ რუსეთს სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა. სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ჩინოსნებს შეეხო.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს თეთრ სახლში მიიწვევს, როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება. აღნიშნულის შესახებ პარიზში ვიზიტით მყოფმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

_ მე მოვიწვევ რუსეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში საჭირო დროს. არ ვფიქრობ, ახლა შესაბამისი მომენტი იყოს საამისოდ, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტს, წამოსწია თუ არა ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრის დროს რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი.

_ მას არ წამოუწევია სანქციების საკითხი. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, რომელთა დამტკიცებას კონგრესი აპირებს, მაგრამ ამ თემაზე საუბარი მოკლე იყო, _ აღნიშნა ტრამპმა.

მას არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხარს უჭერდა მას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

_ შემდეგ ჯერზე, როდესაც პუტინს შევხვდები, ვკითხავ მას: „სინამდვილეში ვის უჭერდით მხარს?“. ვინაიდან არ შემიძლია დავიჯერო, რომ მას შეეძლო ჩემთვის მხარი დაეჭირა, _ დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.