დიდი ოცეულის შეხვედრის დამთავრების შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში ევროპასა და აშშ-ს შორის სრული თანხმობა გამოიკვეთა. დასავლეთევროპული მედია ასეთ ერთსულოვნებას ვერ ამჩნევს. გერმანული “დი ველტის” შეფასებით, დონალ ტრამპი ცდილობს, გახლიჩოს ევროპა.
ჰამბურგის სამიტამდე ტრამპი პოლონეთში იმყოფებოდა. იქ ნათქვამი ფრაზების გამო ბერლინსა და ბრიუსელში დაასკვნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები კონსერვატორი ადამიანების შეხედულებებს და ამას უპირისპირებს დასავლეთ ევროპის ტრანსნაციონალურ და მულტიკულტურულ ფასეულობებს.
დონალდ ტრამპს გერმანია და სხვა სახელმწიფო არ გაუკრიტიკებია, თუმცა მან განაცხადა, რომ სწორედ აღმოსავლეთი ევროპა განასახიერებს ისეთ ევროპულ ფასეულობებს, როგორებიცაა თავისუფლება, ერი, ქრისტიანობა, ოჯახი.
ევროპაში ტრამპის გამოსვლა მიამსგავსეს პოლონეთისა და უნგრეთის ლიდერების განცხადებებს, მათ შორის, მიგრაციულ საკითხებზე.
ევროკავშირი უახლოეს ხანში ახალი წევრების მიღებას არ ჩქარობს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ ამისკენ მოწოდება გაისმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. ამ ქვეყნების პარლამენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენების შესახებ.
როგორც ცნობილია, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ასევე აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები და მათთან ევროკავშირი ამ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს.
ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წარუმატებლად ჩაითვალა თავად ევროკავშირში.
დაახლოებით ერთი თვის წინ ევროკავშირმა ექსპერტებთან ერთად დაიწყო პროგრამის ჩავარდნის მიზეზების კვლევა. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ბევრს მათგანს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, ზოგიერთი კი აშშ-ის უახლოესი პარტნიორია. ეს მიზეზები ხელს უშლის ევროკავშირთან დაახლოებას. ევროკავშირში გადაწყვიტეს, რომ თითოეულ ამ ქვეყანას ინდივიდუალურად მიუდგნენ.
ბოლო ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნიდან წამოვიდა. რა გამოხმაურება ექნება მას ბრიუსელში, მოგვიანებით გაირკვევა.
ნოემბერში ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია დაგეგმილი.
ევროკავშირის ამ სამიტისათვის უკვე ემზადებიან. ამ მიზნით კიშინიოვში ჩასულია საქართველოს დელეგაცია.
დღეს, 10 ივლისს, მოლდოვის დედაქალაქში ევროკავშირის მაღალჩინოსნების მონაწილეობით ორი სესია უნდა გაიმართოს. ერთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მეორეში – ენერგეტიკის უწყებების ხელმძღვანელები.
მსოფლიოში მოვლენების ცვლის ფონზე, შესაძლოა, ევროპაში შეიცვალოს სკეპტიკური დამოკიდებულება ევროკავშირის გაფართოების მიმართ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას განსაკუთრებულ პარტნიორებად აღიარებენ და მათ მიღებას დააჩქარებენ.

