“ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა”

"ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა"– აგვისტოს თვეში საქართველო ახალ რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვინ და რა ფორმებით აპირებდა ამის განხორციელებას, ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი ლამაზი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ამ ინფორმაციასაც სრულად ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაც ხმამაღლა არ უნდა თქვა.

რამდენიმე ხნის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა გამხდარიყო. ბოლო წლებში ეს ქვეყანა აქტიურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს და მისი გამოყენებით იქადნება. ჩვენ ვიცით, რა რეჟიმი აქვს დამყარებული ფხენიანს, მაგრამ არც ისეთი სულელები არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამერიკას ომს ვერ მოუგებენ. აშკარაა, რომ ამათ ვიღაცა აქეზებდა.

იგივე შეიძლება ვთქვათ ირანზეც. ირანი უდიდესი ისტორიის და დიპლომატიური გამოცდილების მქონე ქვეყანაა. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის რუსეთის გამო დაუპირისპირდება დასავლეთს, მაგრამ მისი აქტიურობა მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახალი თამაში იყო. კრემლს უნდოდა, აშშ-ის ყურადღება ბირთვული ომის საფრთხეზე გადაეტანა და მისი სამხედრო ძალები გადაექსაქსათ, დაეძაბათ ვითარება და პარალელურ რეჟიმში საქართველო-უკრაინით ევაჭრათ.

კრემლი დარწმუნებული იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა და ირანი დასავლეთისთვის ნამდვილად შექმნიდნენ საფრთხეს. ამ საფრთხის განეიტრალების სანაცვლოდ, რუსეთი მოითხოვდა საქართველოს. ამ გეგმის ნაწილი იყო ბანერების გადმოწევა. მოსკოვში თვლიდნენ, რომ ეს საქართველოში პრორუსულ განწყობას გაზრდიდა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ზაალ კასრელიშვილი.

– ამას როგორ უნდა გაეძლიერებინა პრორუსული განწყობა? ბანერების დადგმამ ანტირუსული განწყობა გაზარდა.

– კრემლმა ცოტა სხვანაირად გათვალა. ეგონა, მცოცავი ოკუპაციით ქართველების თვალში დასავლეთს დაამცირებდა. მათ ისიც ეგონათ, რომ აშშ მათთან ითანამშრომლებდა რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოსკოვმა ვაშინგტონს ფხენიანთან შუამავლობაც შესთავაზა.

საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად მოიქცა, როცა საოკუპაციო ხაზების გადმოწევას ზომიერი პოლიტიკით უპასუხა. თქვენი გაზეთი დამეთანხმება, რომ ხელისუფლების კრიტიკას არასდროს მოვრიდებივარ, მაგრამ ბოლო ერთი წლის მანძილზე, ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად მუშაობდა.

– მათი კარგი მუშაობა რაში გამოიხატებოდა?

– რუსეთის ქმედებებს ზომიერად პასუხობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქ ბევრი რამე უნდა შეცვლილიყო. ამისთვის რუსეთს მეხუთე კოლონა უკვე მომზადებული ჰყავდა. დიდი მოლოდინი იყო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართაც. მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა რუსეთთან კომპრომისზე, არ დათმო საქართველო და უკრაინის ნაწილი. ამის მაგივრად ვაშინგტონმა თბილისსა და კიევს ღიად აღუთქვა მხარდაჭერა. რუსეთი კი თავის ჩრდილოეთ კორეიანად სანქციების ქვეშ გაუშვა.

– სანქციებს არანაირი შედეგი არ მოაქვს და რა აზრი აქვს მათ დაწესებას?

– ახალი სანქციებით რუსეთში იანვრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება სავალუტო შემოსავლები. ერთ წელიწადში შესაძლოა მათი განულება მოხდეს. უკვე ცუდ დღეში არიან – რუსეთის პოლიტიკური ლიდერი პირადად აწიოკებს დიდ საბაჟო, საპორტო ქალაქებს. იქ, როგორც ჩანს, სერიოზული კორუფციაა, კორუფცია საერთოდ არ ადარდებთ, მთავარია, ბიუჯეტში რაღაც თანხები შეიტანონ. ამ ქვეყანაში ბიზნესმენების ფართომასშტაბიანი გაპარსვა დაიწყო. როცა ეკონომიკაში შავად გაქვს საქმე, ვეღარც ჯარს დააფინანსებ.

ვაშინგტონის ქმედებით გამწარებულმა პუტინმა სასაცილო ნაბიჯები გადადგა, ღიად ჩაეხუტა სეპარატისტებს და ხის ბოძებზე ეკლიანი მავთულები გაავლებინა.

– ეკლიან მავთულებში მავთულხლართებს გულისხმობთ?

– დიახ, სამარცხვინო და სასაცილოა ეს ეკლიანი მავთულები.

– ვითომ მართლა სასაცილოა, მავთულხლართებს რომ ავლებენ?

– სასაცილოა, აბა რა არის? იმის თავიც არა აქვთ, უკეთესი ღობეები გაავლონ.

– თუ ამ ტერიტორიაზე არ შემიშვებენ, რა მნიშვნელობა აქვს, ღობეს აღმართავენ თუ ეკლიან მავთულს გაავლებენ?

– მნიშვნელობა როგორ არა აქვს, მალე თავად მოუწევთ ამ ეკლიანი მავთულების მოხსნა. აშკარაა, რომ რუსეთს გეგმა ჩაეშალა და ვერ არიან ხასიათზე. სასურველი მიზნის მისაღწევად კიდევ გამოიყენებს ბერკეტებს. ახლო მომავალში ძალიან გააქტიურდება მეხუთე კოლონა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაიკლ პენსი რომ არ ჩამოსულიყო თბილისში, აგვისტოს ბოლომდე აქ რუსები შემოვიდოდნენ.

– რატომ უნდა შემოსულიყვნენ, 2008 წელს ომი იყო და კიდევ რაღაცით გაიმართლეს თავი, ახლა რაღა ჯანდაბას იტყოდნენ?

– სათქმელის და საბაბის მოძებნა მათ არ გაუჭირდებოდათ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, პირველ ეტაპზე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე უნდგამოსულიყვნენ.

– ავტომაგისტრალამდე მოსულები არიან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებთ.

– ამის იქეთ ვეღარ წავლენ.

– დარწმუნებული ხართ?

– მათ ამერიკისგან საკმაოდ სერიოზული სიგნალი მიიღეს და თავიანთი გეგმების შეჩერება დასჭირდათ.

– რა გეგმა შეაჩერეს? ისევ ავლებენ საოკუპაციო ხაზებს.

– ამას ახლა მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ არ უნდათ, სახე დაკარგონ. არ უნდათ, მსოფლიომ გაიგოს, რომ პენსის ვიზიტმა პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა.

– გადააფიქრებინა ვითომ?

– როგორც მინიმუმ, დროებით გადააფიქრებინა. დასავლეთი საქართველოში რუსეთის სამხედრო გზით შემოსვლას არ დაუშვებს. ახლა მოსკოვი მიზნის მიღწევას პოლიტიკური მეთოდებით შეეცდება.

სერიოზული მუშაობა მიდის იმაზე, რომ არჩევნების მიმართ უარყოფითი განწყობა გაჩნდეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პრორუსული ძალების გაცოცხლება მარტო წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. აქ ბევრი რამეა დაგეგმილი. რუსეთის ხელისუფლება არც ერთ ამ პარტიას ფულს აღარ გადაუხდის, შედეგი ვერც ერთმა ვერ აჩვენა, მაგრამ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს აიძულებენ, რომელიმე ამ პარტიაში ფული ჩადონ.

ახლავე გეტყვით, რომ მიდის მზადება აქციებისთვის, ადგილი ექნება ხალხის ქუჩაში გამოყვანის იმიტაციასაც.