ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოსეფ ალექსანდერ სმიტი თბილისის საკრებულოს არჩევნებში, დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად კენჭისყრას გეგმავს. ის თითქმის 5 წელია საქართველოში ცხოვრობს. ამის შესახებ სმიტმა საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.
“ძვირფასო მეგობრებო, აქამდე ჩემი გეგმების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ დადგა დრო, რომ გითხრათ რა ხდება და დახმარებაც გთხოვოთ.
საკრებულოს არჩევნებში ვაპირებ კენჭისყრას, საბურთალოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატად. ხუთი დღის წინ გავიარე კონსულტაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, და მითხრეს, რომ ძალიან გამიჭირდება კანდიდატად რეგისტრაცია, რადგან კანდიდატი საქართველოში უნდა იყოს ნაცხოვრები 5 წელი რეგისტრაციის ბოლო ვადამდე და მე თითქმის ერთი თვე მაკლდება.
თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ მიმიღია ამ ხუთწლიანი ცხოვრების ცენზთან დაკავშირებით და მაინც ვაპირებ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენას.
სასწრაფოდ შესაგროვებელი მაქვს საბურთალოს N. 03.05 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხელმოწერები – 441 ხელმოწერა მჭირდება 1 სექტამბრამდე.
ხელმოწერების შესაგროვებლად ვიქნები:
დღეს – საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე ვაჟა-ფშაველაზე (კორპუსების ეზოებში);
ხვალ- 3 საათიდან 8 საათამდე დელისის მეტროსთან.
თუ გაქვთ სურვილი რომ უფრო მეტად დამეხმაროთ, მოგაწვდით ბლანკს და შეავსებინეთ თქვენს მეზობლებსა თუ ახლობლებს. თითოეული ხელმოწერა მნიშვნელოვანია!!! უღრმესი მადლობა!!!”, – წერს ჯოზეფ სმიტი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.
პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ამოქმედდა.
იმედინიუსი

