გია ბარამიძემ ტაბაწყურის ტყეში ხელი მოიტეხა – პოლიტიკოსს ოპერაციისთვის ამზადებენ

გია ბარამიძემ ტაბაწყურის ტყეში ხელი მოიტეხა - პოლიტიკოსს ოპერაციისთვის ამზადებენნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ჰოსპიტალიზებულია. მან გუშინ ბორჯომის ხეობაში, კერძოდ, ტაბაწყურის ტყეში, ხელი მოიტეხა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბარამიძე ტყეში უკრაინელ სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ის მეგობარ ქალს ხეობას ათვალიერებინებდა, როდესაც ცხენიდან გადმოვარდა და ზედა კიდურზე დაზიანება მიიღო.

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ყვება, რომ პოლიტიკოსი ხელის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს.

გია ბარამიძე კლინიკა „ტრავმატოლოგში“ არის მოთავსებული. მას ცოტა ხანში ხელის ოპერაცია გაუკეთდება.  როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, „რეიტინგს“ ამის შესახებ თავად ესაუბრა:
– გუშინ გამოვვარდი ცხენიდან და ხელი მხრიდან იდაყვამდე მაქვს მოტეხილი, აცილებულია ძვლები და ოპერაცია მჭირდება. ჩემი დაზღვევით კლინიკა „ტრავმატოლოგში“ გადმომიყვანეს, ახლა სპეციალურ მოწყობილობას ველოდებით ქუთაისიდან და როგორც კი ჩამოვა, ოპერაციას გამიკეთებენ.
– რასთან დაკავშირებით იყავით ტაბაწყურში?
– ხანძარი როცა გაჩნდა, წაღვერში ჩავედი, ადგილზე გავეცანი მდგომარეობას. იქვე იყვნენ ჩემი მეგობრები, ტაბაწყურზე ლაშქრობდნენ ცხენებით და მათთან დავრჩი ღამე. ადრე მეც დავდიოდი ლაშქრობებში, მაგრამ ბოლო დროს ამას ვეღარ ვახერხებ. დილით გადავწყვიტე ცხენით გასეირნება, გამაფრთხილეს, რომ დინჯი ცხენი არ იყო, მაგრამ მაინც დავჯექი და გადმოვვარდი ცხენიდან.