საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გახშირებული ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის მიჩნევა უსაფუძვლო არაა. ამის შესახებ პარლამენტარმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ეგრეთ წოდებული „ანტისახანძრო ხნულების“ გავლების შემდეგ. ნაჩქარევი დასკვნები არაა მიზანშეწონილი, თუმცა დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს. ასეთ დროს საზოგადოების ყურადღებაც მნიშვნელოვანია. ძალები საკმარისია“, – ამბობს პარლამენტარი.
23 აგვისტოს ბლოგერმა აკა სინჯიკაშვილი Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონის აღმოჩენის შესახებ დაწერა. „დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ“, – წერს სინჯიკაშვილი.
ხეობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
იმედინიუსი

