გოგა ჩანადირი – “ტურისტებს ნახევარი საქართველო ატყუებს რესტორანში, ტაქსიში, სასტუმროში…”

გოგა ჩანადირი - "ტურისტებს ნახევარი საქართველო ატყუებს რესტორანში, ტაქსიში, სასტუმროში..."ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ ტურისტებს გაბერილი ფასების გადახდა არ მოუწიოთ, აუცილებელია, ბევრგან ფასები მითითებული იყოს.

ამის შესახებ ჩანადირი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ივლის-აგვისტოში 21 ქვეყნის ტურისტებთან მქონდა ურთიერთობა. მათზე დაყრდნობით, შემიძლია მცირე დასკვნა გამოვიტანო: ნახევარი საქართველო მათ ატყუებს რესტორანში, ტაქსიში, სასტუმროში, კურორტებზე, გარევაჭრობის დახლებთან, ტურებში და კიდევ ათას ადგილას. მათ, ლამის ყველაფერში გაოთხმაგებულ ფასს ახდევინებენ.

ეს ხდებოდა თბილისის აეროპორტში, დედაქალაქის ძველ უბნებში, ანანურთან, გუდაურში, ყაზბეგში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ტურისტულ ადგილებში. უკეთესი მდგომარეობა მცხეთა-სიღნაღსა და თუშეთში იყო. ამ ხნის მანძილზე, სვანეთში არ ვყოფილვარ და არ ვიცი, იქ რა ხდება. აუცილებელია, ბევრგან ფასი იყოს მითითებული. მათ შორის, აეროპორტებში საქალაქო თუ საქალაქთაშორისო მგზავრობაზე (ამის პრაქტიკა ბევრგან არის). გარევაჭრობის შემთხვევაში, ალბათ, ეს ძალიან რთულია. რა ვიცი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. გამონაკლისი ყველგან ხდება, განსაკუთრებით თურქეთშია ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა, მაგრამ ფულის ასე მასშტაბური და ლამის სახალხო დაცინცვლა ნამდვილად არსად მინახავს. ამას ჰქვია ქართული სტუმართმოყვარეობა და პატიოსანი საქმე”, – წერს ჩანადირი.

პრაიმტაიმი