ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდააშშ-ში, წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მაროდიორობის თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

წყალდიდობის გამო ჰიუსტონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. მიტოვებულ სახლებში კი ქურდობის საფრთხე არსებობს.

ქარიშხალი „ჰარვის” შედეგად გამოწვეულ სტიქიას მარტო ჰიუსტონში დაღუპულია 15 ადამიანი. სულ ტეხასის შტატში სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა.

ჰიუსტონშივე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ქალაქში მდებარე ერთ წყალსაცავში – ედიქსში – წყლის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და კაშხლიდან გადმოსვლა დაიწყო.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, რომლებიც შტატში მიმდინარე სამუშაოებს და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

შეგახსენებთ, ქარიშხალი „ჰარვი“​ ტეხასს 26 აგვისტოს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 215 კმ/სთ-ს აღწევდა.

მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ჰიუსტონი დააზარალა.

ამჟამად „ჰარვი“ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ლუიზიანაში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და განხორციელდა 30.000-მდე მოსახლის ევაკუაცია.

მეტეოროლოგების თქმით, ტეხასში მსგავსი სიძლიერის სტიქია 12 წელია, არ მომხდარა.

ნიუპოსტი