იან კელი: ”ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს” – ამერიკის ელჩი დიცში ჩავიდა

იან კელი: ”ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს” - ამერიკის ელჩი დიცში ჩავიდასაქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი დღეს შიდა ქართლს სტუმრობდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ამერიკის ელჩის ვიზიტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. მან ამერიკული კუთხე მოინახულა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა.

ამის შემდეგ ამერიკის ელჩი, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიცში ჩავიდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ფრესკებზე აღმოჩენილი 12 საუკუნის წინანდელი წარწერები მოინახულა.

იან კელიმ სოფელ დიციდან ერგნეთში გადაინაცვლა და ომის მუზეუმი დაათვალიერა. ომის დროს დაბომბილი საცხოვრებელი სახლის სარდაფში თავმოყრილმა ნივთებმა, რომლებიც 2008 წლის საომარი ვითარების ისტორიას ასახავს, ელჩის დაინტერესება გამოიწვია.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, იან კელიმ სახელდახელოდ მოწყობილ სტენდზე საკუთარი სურვილი და ინიციალები დატოვა.
– ძალზედ ამაღელვებელი დღე იყო ჩემთვის. უნივერსიტეტში სტუმრობის შემდეგ, მოვინახულე 1200 წლის ტაძარი, რომლის კედლებზეც 12 საუკუნის წინანდელი წარწერებია შემორჩენილი, მისი ავტორი ლოცვებში მოხსენიებას გვთხოვს. მე მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც, საკუთარი ინიციატივით ეკლიანი მავთულხლართებიდან 150 მეტრში, არაჩვეულებრივი მუზეუმი მოაწყო. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ რა არის აგრესია და ომის საფასური.

მე მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, – განაცხადა იან კელიმ.
ელჩი გორს აგვისტოს თვეში უკვე მეორედ ეწვია.

ნიუპოსტი