– კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ კონსტიტუცია იყოს ხარისხიანი.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, დარჩება თუ არა ოქრიაშვილი უმრავლესობაში იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება საარჩევნო სისტემა. დეპუტატის განმარტებით, ის არის და დარჩება უმრავლესობაში.
– გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა, ვარ და ვიქნები უმრავლესობაში. მთავარი არ არის მაჟორიტარული არჩევნები. კონსტიტუციაში სხვა უამრავი საკითხია. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესი. მე ვთვლი, რომ თუ იქნება შენარჩუნებული პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის წესი, ჩვენ საპარლამენტო სისტემიდან კვლავ საპრეზიდენტო სისტემაზე უნდა გადავიდეთ. მე მექნება ბრიფინგი, რომელიც შედგება პოლიტიკური პარტიების შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ და ამ შეხვედრის შემდეგ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება. რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ერთსულოვანი პოზიცია არ არის. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა, კახა ოქრიაშვილი უმრავლესობის რიგებს დატოვებდა, თუმცა ოქრიაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა, უმრავლესობაში დარჩება.
ინტერპრესნიუსი

