ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის დაკავებისკენ მოუწოდებენ. ყოფილ დეპუტატ მეგი გოცირიძის თქმით, ვერც უკრაინისა და ვერც საქართველოს პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ვერ გაბედავენ. მისი დაკავების შემთხვევაში გოცირიძე ორივე ქვეყანაში არეულობას პროგნოზირებს. რატომ გამოვა ხალხი ქუჩაში და ვისი დავალებით დასდევენ სააკაშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მეგი გოცირიძე ესაუბრება.
– ნეტა დაიჭირონ და მერე ნახავენ, რა მოხდება ან უკრაინაში, ან საქართველოში.
– რატომ გგონიათ, რომ რაიმე მოხდება?
– არ მგონია, ამაში დარწმუნებული ვარ. წულუკიანი და შოთაძე დაიჭერენ სააკაშვილს თუ ლუცენკო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ნეტავი მართლა დაიჭირონ. აქ ისეთი ამბები დაიწყება, მეოცნებეები ერთმანეთს გაასწრებენ. ეს ძალიან კარგად იციან ქოცებმა და ამიტომაც არ ითხოვენ მის ექსტრადირებას.
კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, სააკაშვილის დაკავება ამ ხელისუფლებას დაამთავრებს, ამიტომ მთელმა “ქართულმა ოცნებამ” ახლა იმაზე უნდა ილოცოს, რომ უკრაინის პროკურატურამ არაფერი მიქაროს, – აცხადებს მეგი გოცირიძე.

