სპორტული სამყარო ბარსელონას უსამძიმრებს
მადრიდის რეალის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ შეშფოთებას გამოთქვამს ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო და თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს:
„შეძრწუნებული ვარ ბარსელონაში მომხდარით. სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს“- განაცხადა რონალდუმ.
ბარსელონელებს თანადგომას უცხადებს „რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასიც
„რა სამწუხაროა. ჩემი თანადგომა მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი ბარსელონა“- წერს კასილასი.
მწუხარებას გამითქვამს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონადან“ რამდენიმე დღის წინ პსჟ-ში გადასული ნეიმარიც:
„ამ ტრაგიკულ დღეს მთელი ჩვენი ფიქრები ტერაქტის მსხვერპლებთან, მათ ახლობლებთან და ბარსელონაში ჩვენს მეგობრებთანაა. ჩვენ თქვენთან ვართ“- წერს ნეიმარი.
სამძიმარს უცხადებს ესპანელ ხალხს „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესიც. მესი ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სიძულვილის გარეშე ცხოვრება სურს, გაცილებით მეტია:
„მინდა მივუსამძიმრო და გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა ჩვენს საყვარელ ქალაქში მომხდარი საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვგმობ ძალადობის ნებისმიერ აქტს. ჩვენ არ დავნებდებით. გაცილებით მეტნი ვართ ისინი, ვისაც სიძულვილის გარეშე ცხოვრება სურს და ვისი ცხოვრების მთავარი პრინციპი პატივისცემა და ტოლერანტობაა“- წერს მესი.
ბარსელონელებს უსამძიმრებენ ფეხბურთელი გარეტ ბეილიც, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, „ფორმულა1“-ის პილოტი ფერნანდო ალონსო, სერხიო რამოსი, ლუიშ სუარესი, ანდრეს ინიესტა, საფეხბურთო კლუბი “პსჟ”და სხვები.
შეგახსენებთ, დღეს ბარსელონას ცენტრში ტერაქტი მოხდა, ფურგონი ხალხის მასაში შეიჭრა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ნიუპოსტი

