ნიკა რურუა – „ივანიშვილს ჰყავს 14 მფრინავი აპარატი და ქვეყანა მეზობელ ქვეყნებში ვერტმფრენების სამათხოვროდ დადის“

ნიკა რურუა - „ივანიშვილს ჰყავს 14 მფრინავი აპარატი და ქვეყანა მეზობელ ქვეყნებში ვერტმფრენების სამათხოვროდ დადის“ბიძინა ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული მი-8 ტიპის ვერტმფრენები – ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო პროცედურებში აღნიშნული ვერტმფრენების გამოუყენებლობას ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი ქონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს უსაფრთხოება:

– ჩვენი ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, მისი უსაფრთხოება, მისი ქონების საკითხი, ვიდრე სახელმწიფოს უსაფრთხოება. შიდა რესურსის მობილიზება შეეძლო ხელისუფლებას და ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, დააგვიანა რეაგირება და ამავე დროს დახმარება იმ ქვეყანას სთხოვა, რომელმაც ცეცხლის გამომწვევი ჭურვები ჩამოყარა იმ ხეობაში, სადაც ხანძარი იყო, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებს.

– ყველაფერზე წინ აყენებს თავის პირად კეთილდღეობას. ასე მართავს ის ქვეყანას, ეს მრავლისმეტყველი ფაქტია. რუსეთის თხოვნას რაც შეეხება, პუტინს უთხრეს პირდაპირ, რომ მოდი გააჩინე ცეცხლები და მე შენ გემორჩილები. ეს არის ქვეყნის კატასტროფული ღალატი, მაგრამ ასევე არანაკლებ ცუდი ფაქტია ის, რომ ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანს ჰყავს 14 მფრინავი აპარატი და ქვეყანა მეზობელ ქვეყნებში ვერტმფრენების სამათხოვროდ დადის, -აცხადებს ნიკა რურუა.

ნიუპოსტი