გოგი ლორთქიფანიძე: „პოლიტიკურად ცხელი სექტემბერი გველოდება“

გოგი ლორთქიფანიძე: „პოლიტიკურად ცხელი სექტემბერი გველოდება“ თავის გადასარჩენად პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ერთმანეთი სჭირდებათ

– ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული რეალობისგან დიდად განსხვადება: „ქართულმა ოცნებამ“ არ ან ვერ შეძლო, პროცესები სასიკეთოდ წაეყვან და სახელმწიფოს აღმშენებლობის შანსი გამოეყენებინა. მან არჩია, ძველი რეალობა საკუთარ თავზე მოერგო და იმ ჭაობში, რომელიც წინამორბედმა დაუტოვა, კომფორტულად ჩაფლულიყო. ამ რეალობამ კი ბუნებრივად მოიტანა მმართველი ძალის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფების გაჩენა, რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის ებრძვიან, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო თვითმართველობა“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე, რომლის თქმითაც, ეს დაპირისპირება განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც არაფორმალურმა მმართველმა განზე გაიწია და საკუთარი გუნდი „ბედის ანაბარად“ დატოვა.

– დღეს ასეთი სურათ გვაქვს – პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე და ქალაქის მერობის კანდიდატი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. სადღაც, ამათ უკან კი, ყოფილი პრემიერ ღარიბაშვილის ფიგურაც კარგად მოჩანს, – აცხადებს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პრემიერის შეცვლის გამარტივებულ წესს ითვალისწინებს.

– საკმარისია, ნებისმიერ სხვა კანდიდატს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს, რომ მოქმედი პრემიერი, მთავრობასთან ერთად, გადაყენებულად ჩაითვლება. შესაბამისად, თუ საჭირო გახდა, მოქმედ პრემიერს, ღარიბაშვილივით, გადადგომა მოსთხოვეს, მაგრამ იუარა, მისი შეცვლის პრობლემა მაინც არ იქნება. ალბათ, ეს, იყო მთავარი მიზეზი, რომ ცოტა ხნის წინ, უმრავლესობის სხდომაზე, პრემიერმა კონსტიტუციის ცვლილებების პლებისციტზე გატანა ან საერთოდ, მოქმედი კონსტიტუციის დატოვება მოითხოვა. დატოვებით მოქმედ კონსტიტუციას არავინ დატოვებს, პლებისციტი კი მნიშვნელოვნად შეარყევს საკონსტიტუციო პროცესს, რომელზეც მესამე მოსმენის გამართვა სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი. ორივე შემთხვევაში, პრემიერის პოზიცია პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციას ემთხვევა, რომელიც ასევე, ორი მოსმენით მიღებული ცვლილებების უკან გაწვევას და პროცესის თავიდან დაწყებას ითხოვს.

საერთოდ, ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა პრეზიდენტისა და პრემიერის თანამშრომლობა, არცთუ დიდი ხნის წინ, უმრავლესობამ, პრემიერის მოთხოვნით, მხარი დაუჭირა მარგველაშვილის კანდიდატს სემეკ-ში, მარგველაშვილმა კი ღიად დააფიქსირა შს მინისტრისა და პრემიერის სასარგებლო პოზიცია უკრაინელი პრანკსტერების მიერ გაკეთებულ სატელეფონო ჩანაწერზე.

თუ პოლიტიკური პროცესის ლოგიკას გავყვებით, ვნახავთ, რომ თავის გადასარჩენად პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ერთმანეთი სჭირდებათ და მათი თანამშრომლობაც აშკარაა, – მიიჩნევს ლორთქიფანიძე.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავჯდომარეზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის ირგვლივ შეკრებილი ახალი სახეები გააფთრებით იბრძვიან კონსტიტუციური ცვლილებების იმ პაკეტის მისაღებად, რასაც ინიცირება თავად გაუკეთეს:

– ეს ცვლილებები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ამ პასუხისმგებლობის შეუსრულებლობა ავტომატურად მათი პოლიტიკური კარიერის დასრულებას გამოიწვევს.

6 სექტემბერს, ბრიუსელში „ვენეციის კომისიასთან“ შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ამ ცვლილებებით აშკარად უკმაყოფილი ბატონი ბუკიკიოს საყვედურების მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწევს პარლამენტის თავჯდომარის გუნდს. „ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნა 11-12 ოქტომბერს იქნება მზად, მაგრამ „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცვლილებების მიღებას 26 სექტემბრისთვის გეგმავს, ანუ არ დაელოდება კომისიის დასკვნას.

ისტორია მეორდება – ზუსტად იგივე გააკეთეს „ნაციონალებმაც“ კონსტიტუციასთან მიმართებაში და სწორედ იქედან ჩაეყარა საფუძველი იმ პროცესებს, რამაც საბოლოოდ, მათი ხელისუფლებიდან წასვლა განაპირობა.

აღმასრულებელი და საკანნომდებლო ხელისუფლების დაპირისპიების ფონზე საინტერესოდ ვითარდება თვითმმართველობის არჩევნები: მთლიანად იცვლება საქართველოს მასშტაბით გამგებლები და შესაბამისად, იცვლება ძველი გამგებლების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიებიც. ადამიანები, ვინც ემზადებოდნენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაში, რბილად რომ ვთქვათ, მოტყუებულები აღმოჩდნენ და რაიონებში უკმაყოფილო ელექტორატის რიგების შევსება მოუწევთ.

რაც შეეხება თბილისს, აქ საქმე გვაქვს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრთან, კახი კალაძისთვის ეს 3 წელი უმძიმესი და მისი მომავალი პოლიტიკური კარიერის დიდი გამოცდა იქნება. კალაძე „თანამებრძოლებმა“, პრაქტიკულად, თბილისის „მოედანზე“ გაამწესეს. გამარჯვების შემთხვევაში, კალაძეს მოუწევს ნარმანიას გუნდის ჩანაცვლება, რომელიც ძალიან დიდი დოზითაა წარმოდგენილი. ამიტომ, კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, მეორე დღესვე გააქტიურდება „სურპრიზები“ – შეუსრულებელი დაპირებები, არდამთავრებული პროექტები, საგზაო ტენდერებში დახარჯული უზარმაზარი თანხები, ე.წ. ქალაქის ახალი გენერალური გეგმა, დაცარიელებული ბიუჯეტი და მრავალი სხვა არასახარბიელო მემკვიდრეობა. ძველი მერის მიერ დატოვებული პრობლემები, 20-25.000 კერძო მესაკუთრესთან მოსალოდნელი დაპირისპირება, ახალი დაპირებები (მაგალითად, „ხრუშჩოვკების“ პროექტი), რომელთა შესრულება არ არის გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტით, რთული და აუწყობელი ქალაქის ინფრასტრუქურა – კალაძე როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან – გამარჯვებული თუ დამარცხებული, ძნელად პროგნოზირებადია.

მოკლედ, მმართველ გუნდში აქცენტები უკვე დასმულია, დაპირისპირებული მხარეები გამოკვეთილია და სექტემბერი ამას ცხადად დაგვანახებს. სამწუხაროდ, ეს პროცესები ახალი არ არის და ამ სამეფო კარის თამაშების ფინალიც კარგადაა ცნობილი: სისტემა უკვდავია და არ იცვლება, ჭკუას ვერც ჩვენ ვსწავლობთ, – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.