პრანკერი ანდრეი სტოლიაროვი, რომელიც ცნობილია მეტსახელად “ლექსუსი”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მზად არის გადასცეს ექსპერტიზას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
მისი თქმით, ის პირველი არ არის ვინც უარყოფს გამასხარავების ფაქტს, და დასძენს. რომ მზად არის გამოაქვეყნოს მღებრიშვილის პირადი ტელეფონის ნომერი.
მისივე აზრით, გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია.
– შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის, – განაცხადა სტოლიაროვმა.
მისივე თქმით, საუბრის დროს მღებრიშვილი ბათუმში იმყოფებოდა და ბელარუს და აზერბაიჯანელ მინისტრებთან ერთად ისვენებდა.
—
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
ნიუპოსტი

