სოციალური ქსელი “ფეისბუქი” შეფერხებით მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ დესკტოპ-ვერსიით ვერ შედიან პირად პროფილზე, ან ვერ ახერხებენ გამოსვლას ექაუნთიდან, ვერ აზიარებენ და “ალაიქებენ” ფოტოებს და ა.შ.
როგორც express.co.uk წერს, ამ კვირაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფეისბუქი “ჭედავს”.
საიტი Down Detector, რომელიც ინტერნეტგვერდების მუშაობის პრობლემებს იკვლევს, წერს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ჩივის იმაზე, რომ ვერ ახერხებენ პირად პროფილზე შესვლას. ამ პრობლემის შესახებ დაახლოებით 39% წერს, ფოტოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე კი – 19%.
პრობლემები დაფიქსირდა “ინსტაგრამის” მომხმარებლებშიც, მოგეხსენებათ, ფოტოების გაზიარების აპლიკაცია “ფეისბუქის” საკუთრებაშია.
პრობლემები სოციალური ქსელით სარგებლობისას ექმნება როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ ინტერნეტმომხმარებელს, მათ შორის ქართველ ფეისბუქმომხმარებლებსაც.
მომხმარებლებს ეკრანზე უჩნდებათ შემდეგი შინაარსის წარწერა: “ფეისბუქი გათიშულია აუცილებელი სამუშაოების გამო, თუმცა რამდენიმე წუთში აღდგება. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, მალე აღვადგენთ საიტს”.
სოციალურ ქსელს მსგავსი პრობლემა კვირის დასაწყისშიც შეექმნა, უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება, თუმცა არსებული ვარაუდით, ამას იწვევს DDoS (Distributed Denial of Service attack) ანუ ვებ-საიტის “სერვისის უარყოფა”.
წერენ, რომ დღევანდელი შემთხვევა ფეისბუქის მუშაობის ყველაზე მასშტაბური შეჩერებაა ამ წელს.
ამბები.გე

