რექს ტილერსონმა მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

რექს ტილერსონმა მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამძიმრის წერილი გამოგზავნა, რომელშიც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო, მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს” – აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.

რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას 3 აგვისტოს თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა.

იმედინიუსი