ზურაბ ალავიძემ მარია ზახაროვას უპასუხა: “რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო”

ზურაბ ალავიძემ მარია ზახაროვას უპასუხა: "რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო"– რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა, – განაცხადა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრმა ეს კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის  მარია ზახაროვას იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რუსეთის მხრიდან დახმარების სურვილსა და მათ მხრიდან შესაძლო დივერსიას უკავშირდებოდა.

– ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ თბილისს ბორჯომი-ხარაგაულის ნაციონალურ ტყე-პარკში ხანძრის ჩაქრობაში დახმარებაზე. ამ მიზნით, გამოვყავით თვითმფრინავიც. თუმცა შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და გვაცნობა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი მხრიდან დახმარების აუცილებლობა აღარ არსებობს. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება იმ ადამიანების არაჯანსაღ ფანტაზიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფებსაც კი ანტირუსული ინსინუაციებისთვის იყენებენ, მათზე კომენტარი უადგილოდ მიგვაჩნია, – აცხადებს საგარეო უწყების წარმომადგენელი.

შესაძლო დივერსიის შესახებ ვერსია ქართულ საექსპერტო წრეებში აქტუალურია, მაგრამ მასზე მინიშნებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 
გამოთქვა ეჭვი, რომ ხანძრების სერია საეჭვოდ დაემთხვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ანტისახანძრო ხნულების გავლებას.

22 აგვისტოს პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ რუსეთის მხრიდან დახმარებაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა მან არსებული რესურსის პირობებში ამის საჭიროება ვერ დაინახა.

იმედინიუსი