ვაშინგტონში არსებულ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის საკონსულოში ჩხრეკაა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა РИА ავრცელებს.
რუსეთის საელჩოს წარმომადგნელის ნიკოლაი ლახონინის თქმით, ჩხრეკას ესწრებიან დიპლომატებიც. “ჩვენი მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ჩხრეკის პროცესზე დიპლომატებიც დაუშვეს”, – განაცხადა მან.
თავის მხრივ საკონსულოში მიიჩნევენ, რომ ჩხრეკა რეიდს უფრო ჰგავდა.
1 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.
31 აგვისტოს აშშ-მ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა, რაც კრემლის გადაწყვეტილების საპასუხო ქმედება იყო. მანამდე მოსკოვმა ვაშინგტონს რუსეთში დიპლომატიური მისიის, კერძოდ კი, ტექნიკური პერსონალის ნახევარზე მეტით, 455 ადამიანამდე შემცირება მოსთხოვა.
2 სექტემბერს, მედიის ყურადღება სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს შენობის საკვამურიდან ამომავლმა შავმა კვამლმა მიიპყრო. მანამდე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება საკონსულოში ჩხრეკას აპირებდა. ჟურნალისტებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ საკონსულოს თანამშრომლები ჩხრეკის მოლოდინში კონკრეტულ დოკუმენტებს წვავდნენ.

