დავით უსუფაშვილი: „სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს“

დავით უსუფაშვილი: „სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს“საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მიუხედავად სირთულეებისა, სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მაინც შეძლო. აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უკრაინა სააკაშვილთან ფრთხილად უნდა იყოს:

– მე დიდი ხანია ვამბობ და ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ სააკაშვილთან სჯობს ფრთხილად იყოთ-თქო. სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს – ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვასა და ქვეყნების მსხვერპლად შეწირვაზე.

მე ყველაზე მეტად მაშფოთებს შესაძლო პრობლემები, ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში. ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია და დღემდე საკმაოდ მძიმე საკითხებს მოიცავდა. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით შესაძლოა ამ მიმართულებებითაც შეიქმნას გართულებები. მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშრეტი ენერგია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყველაფრის გაწირვისთვის.

სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს ბევრი წინამორბედი სხვა ქვეყნებში და სხვა ერებში, ასევე თანამედროვეებიც, მაგალითად ვოლსკი. გვარით ვოლსკია, მაგრამ არსით სააკაშვილია პოლონეთში. ადგილობრივი არჩევნების თემატიკა არის მნიშვნელოვანი.

ის ვიცი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ქართველი ხალხი კვლავ ამ მოჯადოებულ წრეებში მოექცევა და მიშა-ბიძინას დაპირისპირების ფონზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.