ემზარ კვიციანი – ”თავგასიებული ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს”

ემზარ კვიციანი - ”თავგასიებული ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს””პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი გარკვეულ საკითხებზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

როგორც კვიციანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას კოდორის ხეობის მიმართულებით ჯარების გადაადგილებაზე, კოდორის ხეობაში განვითარებული პროცესებისას საგანგებო ვითარების გამოუცხადებლობაზე და 1994 წლის 14 მაისის ხელშეკრულების დარღვევაზე.
– ვარაუდებზე და ეჭვებზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მინდა ფაქტებით და ფაქტებზე დაყრდნობით მოვითხოვო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შემდეგ საქმეებზე: 2006 წლის 22-25 ივლისი, ჯარების გადაადგილება კოდორის ხეობის მიმართულებით, დაიღვა კონსტიტუციის მე-100 მუხლი; საგანგებო ვითარების გამოუცხადებლობა – მუხლი 73; 1994 წლის 14 მაისის ოთმხრივი შეთანხმება გაეროს, რუსეთის, საქართველოსა და აფხაზებს შორის, რომელიც იქნა უხეშად დარღვეული. დარღვეული იქნა ეს სამივე პუნქტი, რათა ჩვენ დაგვეკარგა ტერიტორიები და 2008-ში დავკარგეთ. რატომ არ გვინდა ამის გამოძიება? ბატონო თავმჯდომარე, იქნება შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დადგინდეს, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი”, – განაცხადა კვიციანმა.
გარდა ამისა, ემზარ კვიციანმა გააკრიტიკა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი მასთან დაკავშირებული ხუმრობების გამო. კვიციანი ამ ხუმრობებში გარე ძალებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს.
– ბატონმა ვანო ჯავახიშვილმა, თავგასიებულს რომ ეძახიან, ღლიცინი დაიწყო, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია, თუმცა ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდი დაახლოებით 15 წელი. ვანო ჯავახიშვილი მასწავლის რა არის გაერო და რამდენი ქვეყანაა ამ ორგანიზაციაში წარმოდგენილი? გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური და ამაზე იყო საუბარი სწორედ სააკაშვილი როდესაც შეაბრძანეს უკრაინაში. ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ იმის შიშით, რომ არ დასცინოს ვინმემ. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – განაცხადა კვიციანმა.