– ჟურნალისტებს როდის აქეთია, რომ უნდა ურჩიო კითხვები რომელი დაგისვას და რომელი არა?- ასე ეხმაურება “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე შს მინისტრის განცხადებას.
ბარამიძე ამბობს, რომ არსებობს სრულიად ლეგიტიმური კითხვები ბოლო დროის ხანძრებთან და გახმაურებულ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბარამიძის თქმით, ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიძია საგამოძიებო უწყებამ. ბარამიძე ამბობს, რომ არც ამჯერად აქვს ხანძრების გამომწვევი რეალური მიზეზის დადგენის იმედი, ვინაიდან, მისი შეფასებით, არც შსს და არც პროკურატურა გამოძიებაში “დახელოვნებული არ არის”.
– როცა საუბარია შს მინისტრზე, მაშინვე გვახსენდება ის პირსისხლიანი ნაციონალების დროინდელი შს მინისტრები და იმათ ფონზე ეს რა თქმა უნდა უფრო სიმპატიურად გამოიყურება. მაგრამ ჟურნალისტებს როდის აქეთია, რომ უნდა ურჩიო კითხვები რომელი დაგისვას და რომელი არა. კითხვები არ გაჩნდებოდა, მათ რომ გამოეძიებინათ გამოსაძიებელი რაც იყო, რომ ჩაექროთ დროულად ჩასაქრობი, კითხვები არ გაჩნდებოდა დენიკინის დროინდელი ვერტმფრენები რომ არ ჰყოლოდათ, კითხვები არ გაჩნდებოდა მათ რომ პასუხი გაეცათ, სად გაქრა თუნდაც აჭარის აეროპორტში რომ იდგა 2004 წელს 17 ვერტმფრენი, ძალიან მაღალი მოდიფიკაციის. სად გაქრა? კითხვები არ გაჩნდებოდა, პასუხი რომ გაეცათ, სააკაშვილის ჩამოყვანილ ვერტმფრენებს რატომ არ იყენებენ და კითხვები არ გაჩნდებოდა, რომ გვცოდნოდა ეგ მეხანძრეების უფროსია, თუ შს მინისტრი.
არანაირი საქმის გამოძიების იმედი არა მაქვს იმიტომ, რომ არც შსს და არც პროკურატურა არ არის დახელოვნებული იმაში, რომ სერიოზული საქმეები გამოიძიოს. დამისახელონ, რომელი საქმე გამოიძიეს ბოლო 5-6 წელი? ვერც ერთი საქმე ვერ მიიყვანეს ბოლომდე სახელმწიფო გადატრიალებიდან დაწყებული, თვითონ რო დააანონსეს,ამიტომ ბუნებრივია ვერც ამას გამოიძიებენ. ცეცხლი ვერ ჩაუქვრიათ და ესენი რისი გამომძიებლები არიან? – განაცხადა გიგლა ბარამიძემ “პირველ რადიოსთან“ საუბარში.
– ჩემი თხოვნა იქნება გამოძიებაზე ნუ ვისაუბრებთ. ეს კითხვა აღარ დამისვათ ჯერჯერობით. თქვენ იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და გამომძიებლები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შესახებაც მე თქვენ ღიად ვერ გესაუბრებით, – ეს განცხადება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს გამოძიების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.

