გიორგი ანდრიაძე – “უჩა ნანუაშვილი გიულენთანაა დაკავშირებული”

გიორგი ანდრიაძე - "უჩა ნანუაშვილი გიულენთანაა დაკავშირებული"საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის ფონზე, ლაზების საქმის იგნორირებაში ადანაშაულებს და ეჭვობს, რომ უჩა ნანუაშვილი თავად არის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული. აღნიშნული განცხადება ანდრიაძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში გააკეთა:

„მე მიკვირს, საზოგადოების ეს ორმაგი დამოკიდებულება. მაგალითად, სახალხო დამცველი ლამის ისტერიკაშია ჩავარდნილი ემრე ჩაბუქის საქმეზე და ხმას არ იღებს საქართველოს პატრიოტი ლაზების საქმეზე. პირდაპირ გეუბნებით , რომ უჩა ნანუაშვილი, მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო, რომელსაც გართულება აქვს პროქართულად განწყობილი ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ჩვენ მივმართეთ წერილობით და ხმაც კი არ ამოუღია. ზრდილობის გამო, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. არაერთხელ მოვითხოვე სატელევიზიო დებატები, მაგრამ არ მოდის პირდაპირ ეთერში, რომ დავუმტკიცო მისი უპასუხისმგებლო ქმედებები. არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ადამიანი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც თავგამოდებით იცავენ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და არაფერს ამბობენ საქართველოს პატრიოტი ლაზების შესახებ.“- აცხადებს ანდრიაძე.

შეგახსენებთ, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა „ციანიდის საქმეზე“ გაკეთებული ჩვენებისას განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილის და გიორგი ანდრიაძის ხელშეწყობით პატრიარქის სახლში თურქეთის მიერ ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული პირები აფარებდნენ თავს. ანდრიაძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი არა ტერორიზმში ბრალდებულები, არამედ პატრიოტი ლაზები იყვნენ, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მართვის სტილს აპროტესტებდნენ.

ნიუპოსტი