პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავადაც შეხვდეს.
– თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრას, კობახიძის თქმით, მას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება.
პრეზიდენტმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს კონსულტაციების გამართვა გუშინ შესთავაზა.
ქვეყნის პირველი პირის შეთავაზებას “ქართულმა ოცნებამ” გუშინვე უპასუხა. როგორც “ნიუპოსტს” მამაუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიციასთან ერთად საუბარს არ აპირებს.
როგორც ცნობილია, უმრავლესობა პრეზიდენტს ვეტოს მხოლოდ ორ ნაწილზე დადებას ურჩევს. მმართველ პარტიაში იმედს გამოთქვავენ, რომ პრეზიდენტი ვეტოს მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას შეეხება.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 2 დღის წინ მიიღო.
ნიუპოსტი

