ირაკლი მექვაბიშვილი – “გენერალურ აუდიტორობაში გაცილებით ნაკლები ხელფასი მექნება, ვიდრე ევრობანკში მქონდა”

ირაკლი მექვაბიშვილი - "გენერალურ აუდიტორობაში გაცილებით ნაკლები ხელფასი მექნება, ვიდრე ევრობანკში მქონდა"– ჩემი ანაზღაურება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე გენერალური აუდიტორის პოსტზე იქნება, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ენძელა მაჭავარიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დეპუტატი დაინტერესდა, სიმართლეს შეესაბამება თუ არა პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი მექვაბიშვილის ანაზღაურება კერძო სექტორში კოლოსალურად აღემატებოდა იმ ხელფასს, რომელსაც ის საჯარო სამსახურში მიიღებს და თუ ასეა, რატომ მიიღო მან შეთავაზება გენერალური აუდიტორის პოსტის დაკავების შესახებ.
– მე არ მინახავს, რა ინფორმაცია გავრცელდა. ერთადერთს გეტყვით, რომ ჩემი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე ყოველთვის წინ ვიყურებოდი, ბოლო ათი წელი გავატარე ევრობანკში. ჩემი ხელმძღვანელობით ასობით მილიონის მოზიდვა განხორციელდა საქართველოში. ვთვლი, ამ ეტაპზე ჩემი ფუნქცია ამ კუთხით შესრულებულია. გენერალური აუდიტორის ფუნქცია არის უკიდურესად საპასუხისმგებლო. ყველას ცხოვრებაში დგება ახალი ეტაპი, როცა ის უნდა ემსახუროს ქვეყანას. ჩემი ანაზღაურება იყო გაცილებით მეტი, რაც გენერალურ აუდიტორს ექნება. მაგრამ ეს არის ახალი გამოწვევა, რომლისთვისაც მორალურად ყველანაირად მზად ვარ,- განაცხადა მექვაბიშვილმა.

ინტერპრესნიუსი