ისრაელის კალათბურთელები საქართველოსთან მატჩის მერე გაქურდეს – რა მოხდა თელ ავივის სასტუმრო ”ჰილტონში”

ისრაელის კალათბურთელები საქართველოსთან მატჩის მერე გაქურდეს - რა მოხდა თელ ავივის სასტუმრო ”ჰილტონში”ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელი ისრაელის ნაკრების წევრები, რომლებიც გუშინ საქართველოსთან ოვერტაიმში 91:105 დამარცხდნენ, გაქურდეს.
ისრაელის ნაკრების კალათბურთელებმა სასტუმროში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მოპარულია ფული და საკრედიტო ბარათები.
ისრაელის ნაკრები, როგორც ყველა B ჯგუფის მონაწილე გუნდი, თელ-ავივში სასტუმრო “ჰილტონშია” გაჩერებული.
გაქურდულთა შორისაა ლიტვის ნაკრების მოთამაშე დონატას მოტეიუნასიც, რომელსაც 6.000 ევრო მოპარეს და ასევე, ისრაელის ნაკრების წევრები: ფორვარდი ელიშაი კადირი, რომელმაც 1000 შეკელი და 250 ევრო დაკარგა, მასპინძლების მცველ იოთამ ჰალპერინს საკრედიტო ბარათი, 200 შეკელი, 200 ევრო და ძვირფასი საათი მოპარეს.
გაქურდულია ისრაელის ნაკრების ვარსკვლავი ომრი კასპიც, რომლის დანაკარგიც ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიმდინარეობს გამოძიება, ამოწმებენ სასტუმროს თანამშრომლებსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს.

ინტერპრესნიუსი