ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ჯავახეთის რეგიონში სიტუაციის არევას წინასწარმეტყველებენ. მშრომელთა პარტია მიიჩნევს, რომ საქმე შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ გარკვეულმა ძალებმა რეგიონისთვის ავტონომიური სტატუსი მოითხოვონ.
მოსალოდნელ გართულებებზე პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პასუხისმგებლობას პატრიოტთა ალიანსს და “ქართულ ოცნებას” აკისრებს. მისი აზრით, ამ ორ ძალას შექმნილი ვითარებიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს.
ის ამ პარტიებს ნინოწმინდასა და ახალქალაქში პარტიული სიების გაუქმებას ურჩევს. ნათელაშვილს ეჭვი ეპარება, რომ მის მოსაზრებას გაითვალისწინებენ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯავახეთი ფაქტიურად გაყიდა.
– ივანიშვილი ყიდის ჯავახეთს. ივანიშვილის რეჟიმს, ერევანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმებით, ამ რეგიონში არსებული ხმები მხოლოდ ორ პარტიას შორის გაიყოფა. ესენი არიან – კრიმინალური “ქართული ოცნება” და უცხოური სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული პატრიოტთა ალიანსი.
მათ სიებში შეყვანილია მთელი ჯავახური სეპარატისტული დაჯგუფება სამველ პეტროსიანის მეთაურობით, რომელთა მიზანია, ჯერ რეგიონის კულტურული ავტონომია გამოაცხადონ, შემდეგ პოლიტიკური ავტონომია და საბოლოო ჯამში, ტერიტორია დედა საქართველოს ჩამოაცილონ. ორივე პარტიას მოვუწოდებ, პარტიული სიები ნინოწმინდასა და ახალქალაქში გააუქმონ და საქართველოს მოქალაქე სომხებს საშუალება მისცენ, გარიგების გარეშე თავისი აზრი გამოხატონ და მხარი იმ პარტიას დაუჭირონ, რომლებიც მათ ხედვებთან ახლოს არის, – ამბობს ნათელაშვილი.
ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი ჩიტაური რამდენიმე თვეა, ამ რეგიონში გადაბარგდა და იქაური სიტუაცია კარგად შეისწავლა. “ახალ თაობასთან” საუბარში ის აცხადებს, რომ ჯავახეთში საგანგაშო ვითარებაა.
გიორგი ჩიტაური:
– აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი პარტიის ლიდერის, ბატონ შალვა ნათელაშვილის შეშფოთებას. ჯავახეთში მართლა კატასტროფული ვითარებაა. “ქართულმა ოცნებამ” და პატრიოტთა ალიანსმა ასე თუ გააგრძელეს, ვიღაცები ჯავახეთის ავტონომიას მოითხოვენ. ამ პროცესს ხელს “ევროპული საქართველოც” შეუწყობს, რომელიც ალიანსთან ერთად “ოცნებასთან” არის გარიგებული.
– რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ვიღაცებმა შესაძლოა ჯავახეთისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭება მოითხოვონ?
– ამის თქმის საფუძველს რეგიონში შექმნილი ვითარება მაძლევს. ავტონომიას ვინ ჩივის, მე იმის მეშინია, საერთოდ დამოუკიდებლობა არ გამოაცხადონ.
– დამოუკიდებლობას ასე უცბად როგორ გამოაცხადებენ. ამას წინ რაღაც პროცესები უნდა უძღოდეს.
– მერე არ უძღვის პროცესები? მერამდენე წელია, რაც რუსეთი ამ რეგიონის არევას ცდილობს. ამ რეგიონში არაერთხელ დაიძაბა სიტუაცია. აქამდე ყველაფერი მეტნაკლებად გვარდებოდა, ახლა ასე ალბათ აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილი რუსების დავალებების შემსრულებელია, რუსეთს კი ამ რეგიონის წაღება დიდი ხანია უნდა.
– რუსეთი ამ რეგიონს პირდაპირ არ ესაზღვრება და როგორ უნდა წაიღოს?
– რუსეთი ჯავახეთს არ ესაზღვრება, მაგრამ ჯავახეთთან ახლოს სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებულია. იქ, სადაც რუსული ბაზაა, სიმშვიდე ვერ იქნება, თუ ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნება” გყავს, მაშინ მთლად კატასტროფა შეიძლება მოხდეს.
ამათ ხელში საქართველოს ბევრ რეგიონში შეიძლება შეგვექმნას პრობლემები. ყველაზე მძიმე ვითარება საზღვრისპირა რეგიონებშია.
რუსეთს ჯავახეთის მიმართ თავისი გეგმები აქვს. გასულ წელს მათ სომხეთის ხელისუფლება გააქეზეს და სომხური ტვირთებისთვის როკის გვირაბის გახსნა მოითხოვეს. ჩვენი საზოგადოების პროტესტი რომ არა, ეს გვირაბი გაიხსნებოდა.
გვირაბის გახსნის გარდა, საუბარი იყო სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონს სამცხე-ჯავახეთთან და შემდეგ უკვე სომხეთთან დააკავშირებდა.
ეს გეგმა რუსებს ისევ ძალაში აქვთ. სომხებზე მეტად მათ სურთ ამ გზის ამოქმედება. ეს კრემლს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთ რეგიონში დაგვიძაბოს ვითარება.
ჯავახეთში მცხოვრებ სომხებთან ბევრი იმუშავეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ხელით აპირებენ იმის გაკეთებას, რაზეც ამდენი წელია წვალობენ.
– რატომ გგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაში რუსებს შეუწყობს ხელს?
– კი არ ვფიქრობ, ისინი ამას უკვე აკეთებენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს იმაზე საუბრობენ, რომელი მიწები მიიერთონ.
– რუსეთთან მოლაპარაკებებს როდის ვაწარმოებთ?
– აბა კარასინი-აბაშიძის ფორმატი რა არის? თუ ვინმე ფიქრობს, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრობენ, მწარედ ცდება.
კარგად მახსოვს მეოცნებეთა განცხადებები ახალგორთან დაკავშირებით. სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ამბობდნენ, რუსებს ამ ტერიტორიის წაღება არ უნდოდათ და ნაციონალებმა ძალით შეატენესო. ძალით თუ შეატენეს, ამათ რატომ არ გამოართვეს უკან? ესენი ხომ რუსეთთან კარგ დამოკიდებულებაში არიან და ახლა თავად ატენიან მათ ჯავახეთს.

