კადიროვი პუტინს დაემუქრა

კადიროვი პუტინს დაემუქრაგროზნოში მიანმელი მუსლიმების მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს მეჩეთ “ჩეჩნეთის გულის” მიმდებარედ. აქცია გუშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა დააანონსა.

მიანმელი მუსლიმების გენოციდთან დაკავშირებით კადიროვმა კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება “შაითანის დანაშაულებრივ ქმედებებს” დაუჭერს მხარს, ასეთ შემთხვევაში ის რუსეთის წინააღმდეგ გამოვა. “დოჟდის” ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა ინსტაგრამის თავის გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

კადიროვმა რუსული მედია უმოქმედებაში დაადანაშაულა. “თუ ევროპაში სადმე კლავენ და აფეთქებენ ადამიანებს, ჩვენი მედიასაშუალებები დეტალურად აშუქებენ. ხოლო, როდესაც 3 დღეში ათასობით ადამიანს კლავენ – ყველა დუმს”.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მას ბევრი წერს მიანმაში სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ. თუმცა, კადიროვმა განმარტა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მას გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ შეუძლია.

მიანმაში სახელისუფლებო ძალებსა და “მუსლიმ-როჰინჯებს” შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კონფლიქტი “მუსლიმი-როჰინჯების” მიერ პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმით დაიწყო. ხელისუფლების ცნობით, 25 აგვისტოს შემდეგ 90-ზე მეტი შეტაკება მოხდა, 370 მებრძოლი გაუვნებელყოფილია და ქვეყნის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქვეყნიდან 400 ათასზე მეტი მუსლიმი გაიქცა.

მიანმელი მუსლიმების მხარდამჭერი აქცია გუშინ ჩეჩნეთის საელჩოსთან მოსკოვშიც გაიმართა.

მიანმარის მკვიდრი მოსახლეობა ბუდიზმის მიმდევარია. ისინი “მუსლიმ-როჰინჯებს” მეცხრამეტე საუკუნეში, ბრიტანელი კოლონიალისტების მიერ, ჩასახლებულ არალეგალ მიგრანტებად მიიჩნევენ. მიანმარის რადიკალურად განწყობილი მოსახლეობა, დიდი ხანია ითხოვს ბანგლადეშიდან წამოსულ “არალეგალი მიგრანტების” გაძევებას, განსაკუთრებით კი – მუსლიმები მიგრანტების.

როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია. ისინი მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობენ და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი. ისტორიკოსების უმეტესეობის აზრით, როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან ჩამოასახლეს.

პირველი