ხაშურში “ქართული ოცნების” წევრებმა ერთმანეთი სცემეს – მიშა ჯანაშვილმა გიორგი რუსიშვილს წიხლი ჩაარტყა

ხაშურში "ქართული ოცნების" წევრებმა ერთმანეთი სცემეს - მიშა ჯანაშვილმა გიორგი რუსიშვილს წიხლი ჩაარტყასიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ხაშურში.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, „ოცნების“ წევრის, ია ქურდაძის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიაყენა, მოგვიანებით კი მიშა ჯანაშვილმა მისსავე თანაგუნდელ გიორგი რუსიშვილს წიხლი ჩაარტყა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

შიდა პარტიულ დაპირისპირებას ქურდაძე გამგებელ გიორგი გურასპაშვილს აბრალებს, რომელიც ხაშურში „ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატია.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც „ქართული ოცნების“ წევრები მიშა ჯანაშვილისაგან ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ მოხვდნენ საარჩევნო სიებში „ოცნების“ ძველი წევრები და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ მათთვის უცნობი ადამიანები.

პარტიის წევრების ნაწილი გიორგი გურასპაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხსაც კატეგორიულად ეწინააღდეგება.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ ხაშურში კანდიდატები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა ქალაქში რამდენიმე ადგილას გიორგი გურასპაშვილის ბილბორდი უკვე აღმართეს.

ნიუპოსტი