ლაშა ბერულავა: „თბილისიდან 40 კილომეტრში კატასტროფა ხდება“

საინფორმაციო სააგენტო Allmedia-ს მთავარი რედაქტორი ლაშა ბერულავა Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

– მართალი გითხრათ, მე არ მიკვირს ის გულგრილობა, რასაც აქ მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ვაწყდები.
იმიტომ კი არა, რომ მე მაქვს გამძაფრებული ეს გრძნობა ან ვინმეს რაიმეთი ვჯობივარ – გულგრილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ საფრთხეს ასე რეალურად ვერც მე აღვიქვამდი, სანამ პატრულირების იდეას შევასხამდით ხორცს, დათოსთან და მეგობრებთან ერთად.
ცალკეული ჟურნალისტური გასვლების მეტი რა მქონია, მაგრამ დამერწმუნეთ, პოსტ ფაქტუმ ჟურნალისტური, ერთსაათიანი გასვლა ადგილზე სულ სხვაა და ყოველდღიური დაკვირვება, რამდენიმესაათიანი შემოვლა სულ სხვა.
თბილისიდან 40 კილომეტრში კატასტროფა ხდება – რუსი ოკუპანტები დადიან, ჩვენს ცხვირწინ პატრულირებენ, ე.წ. საზღვარს ამოწმებენ, ადამიანებს იტაცებენ, ბაზიდან ავტობანისკენ ახალი გზა გაჰყავთ, ძველს ტკეპნიან და ამ ყველაფერს როცა ხედავ, აკვირდები და უღებ, ძალიან გტკივა და ხვდები, რომ ყველაფერი, მართლა ყველაფერი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ოხრად დაგვრჩება, თუ ამას დროულად არ მივხედეთ.
დავდებ ცოტა ხანში კადრებს, იქედანაა ეს სქრინები და მერე თავად განსაჯეთ…
ერთად გავაკეთოთ, მინიმალური მაინც, რაც შეგვიძლია – გავაპროტესტოთ, ვაჩვენოთ რომ არ ვეგუებით, რომ ამას არ დავუშვებთ, რომ ეს დროებითია…
რამე მოვიფიქროთ ერთად, სანამ დაგვემხო თავზე ქვეყანა, – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.