ლეიბორისტები ქუჩაში აქციებს იწყებენ – “ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია”

ლეიბორისტები ქუჩაში აქციებს იწყებენ - "ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია"ვისთან ერთად აპირებენ ლეიბორისტები ქუჩაში გამოსვლას, რა პრობლემებს ელოდება ხელისუფლებას დასავლეთიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.

ბეჟან ნათელაშვილი:

– ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა საბოლოოდ მოკვდა. როცა პოლიტიკა კვდება, პროცესები ქუჩაში ინაცვლებს. ამიტომაც მოუწოდა ჩვენი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას ერთობლივი ქუჩის აქციებისკენ.

ეს არ გახლავთ რაიმე აკვიატება, საყოველთაო პროტესტი არის გზა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია. იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია კარგად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და საქვეყნო საქმეებისთვის დაირაზმება.

– თქვენი აზრით, რომელი პარტიები მიიღებენ ქუჩის აქციებში მონაწილეობას?

– წესით, ყველა პარტიამ უნდა მიიღოს აქციებში მონაწილეობა, ვისაც ოპოზიციონერობაზე აქვს პრეტენზიები. ინიციატივა ბატონმა შალვა ნათელაშვილმა 2 სექტემბერს გააჟღერა. გამოხმაურებებს ამ კვირიდან ველოდებით.

ერთობლივად უნდა შეიქმნას საკოორდინაციო კომიტეტი, საპროტესტო აქციებმა უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულების ქოცრეჟიმს დაასრულებს.

– წინ არის თვითმმართველობის არჩევნები. თქვენი აზრით, რომელიმე პარტია მოისურვებს არჩევნებისთვის ბოიკოტირებას იმის გამო, რომ თქვენ მიერ ინიცირებულ აქციებს შეუერთდეს?

– არჩევნების ბოიკოტი საჭირო არ არის. მეტიც, ბოიკოტი არც უნდა გამოვაცხადოთ და ნებისმიერ პროცესში უნდა ჩავერთოთ. მართალია, ვიცით, რომ ეს არჩევნები გაყალბდება, მაგრამ მაინც უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან, არჩევნების გაყალბებას ვინ ჩივის, მთელი აგვისტო ასანთი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან. სექტემბერიც ხანძრებით დაიწყეს და მთელი საქართველო გადაწვეს.

ამას დამტკიცება სჭირდება, რომ ხელისუფლებამ გადაბუგა საქართველო.

– თავიანთი უმოქმედობით გადაბუგეს ქვეყანა. ერთი ხანძარი მაინც გამოიძიონ და ჩემს სიტყვებს საჯაროდ წავიღებ უკან. რეალურად არ იძიებენ იმიტომ, რომ არ აწყობთ. სათავისოდ ყველაფერს ძალიან სწრაფად იძიებენ.

ბევრი ამ ხელისუფლებას უნიათოს უწოდებს. ჩემი აზრით, ესენი უნიათოები კი არა, დამნაშავეები არიან. დამნაშავეები რომ არ იყვნენ, ყველაფერს კარგად გაარკვევდნენ. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეებს სდიონ, ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენენ.

– რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენი სატელეფონო საუბრები ისმინება?

– ბევრი რამე. თუნდაც ტელეფონზე საუბრის მომენტები. ახლაც როცა თქვენ გესაუბრებით, თქვენს ხმაზე უკეთესად ჩემი ხმის ექო მესმის. აშკარაა, რომ მოსმენაზე ვარ ჩართული. უბრალოდ, ცდებიან ჩემი მოსმენით, რასაც ვფიქრობ, ამას ინტერვიუებში ვამბობ და ფეისბუქზე ვწერ. ამიტომ ნუღარ მოცდებიან ჩემი მოსმენით და ჯობია, საქმე გააკეთონ.

ბევრი ოპოზიციონერი ჩივის, რომ მათი საუბრები ისმინება. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება აგონიაშია. აგონიაში მყოფი ხელისუფლება ძალიან საშიშია. ეს საშიში ხალხი აუცილებლად უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ოღონდ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანას არ ეტკინოს.

– უმტკივნეულოდ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?

– ძალიან მარტივად, ჩვენ უარს ვამბობთ რევოლუციაზე. ყველა რევოლუციას თან სდევს ხარვეზები. საქართველოში არცერთ რევოლუციას არ მოუტანია დადებითი შედეგი.

აქვე ერთსაც გეტყვით, ყველა რევოლუცია, რაც საქართველოში მოხდა, იყო ვიღაცის ინტერესებში. მატერიალურ დაინტერესებას ვგულისხმობ.

ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ საპროტესტო აქციები დაფინანსებული არ უნდა იყოს. ჩვენ მიერ ინიცირებული პროტესტი არავის მიერ არ არის დაფინანსებული. ხალხმა, რომელიც აქციაზე მოვა, უნდა იცოდეს, რომ იქ არც ხაჭაპურს დაურიგებენ და არც ყველსა და პურს.

მილიონს რომ ხარჯავს ადამიანი აქციებში, ის პოლიტიკას ბიზნესად უყურებს და, როგორც კი საშუალება მიეცემა, ამ ერთ მილიონს 10 მილიონად ამოიღებს. ხალხი ისეა გამძვინვარებული, რომ ქუჩაში ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე გამოვა.

– ხალხი გამძვინვარებულია, მაგრამ იმედგაცრუებულიც არის. ძალიან ბევრჯერ გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ შედეგი ვერ ნახეს.

– ხალხმა ეს იმედგაცრუება საკუთარ არჩევანს უნდა დააბრალოს. ეს ხელისუფლება, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, ხალხის არჩეულია. ხომ არ შეიძლება, ყველა არჩევნების შემდეგ სინანულში ჩავვარდეთ. ხალხმა ხან მილიონი სამუშაო ადგილის დაპირება დაიჯერა. აფერისტი ივანიშვილი ამომრჩეველს უფასო ფულს დაჰპირდა. ეს დაპირება მართლაც პირნათლად აასრულა და ისე გააუფასურა ლარი, რომ მას ფასი აღარ აქვს. ახლა ხალხისა და ოპოზიციის მთავარი ამოცანა ამ ხელისუფლების გადაყენებაა. ეს არ არის მიუღწეველი შედეგი. ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

შალვა ნათელაშვილი ასევე ითხოვს, რომ ივანიშვილის ანგარიშს ყადაღა დაედოს. ეს კაცი მართლა თოხისა და ერთი კაკალი სიმინდის ამარა უნდა დარჩეს. იმედია, ამერიკა და ევროპა ჩვენს მოთხოვნას გაითვალისწინებენ.

– ამის იმედი დიდად არ უნდა გქონდეთ. საეჭვოა, დასავლეთმა მის ანგარიშებს ყადაღა დაადოს.

– ჩემი აზრით კი მისი ანგარიშების დაყადაღება რეალურია. შეგახსენებთ ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის განცხადებებს. ის ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას.

– განცხადებით კი განაცხადა რასელმა, მაგრამ მერე დადუმდა და ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

– რასელმა განცხადება ერთხელ გააკეთა და მეტჯერ არ იტყვის. ახლა ის სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად მუშაობს.

– რაზე მუშაობს?

– ამ საკითხზე. ამერიკისთვისაც ნათელია, რომ ივანიშვილი უკონტროლო გახდა. ის საშიშია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მისმა ხალხმა ვენეციის კომისია აიგდო მასხრად და სტრასბურში დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა. ქოცრეჟიმი ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს.

არადა, იზოლაციაში ქვეყანა კი არა, ეს კაცი უნდა მოაქციონ. ქვეყანამ რა დააშავა, როდესაც ივანიშვილი თავისი ფულებით ბატონობს ქვეყანაზე. მის მოქალაქეებს ოლიგარქის თვალში პინგვინისა და ზებრის ფასიც კი აღარ აქვთ.

აშშ-ში მისი ანგარიშების გაყინვაზე სერიოზულად ფიქრობენ.

– მოდით, ისევ თქვენს ინიციატივას დავუბრუნდეთ. როდის აპირებთ აქციების დაწყებას?

– ჯერ ჩვენს შეთავაზებაზე ოპოზიციის პასუხს გავიგებთ და მერე ვიმოქმედებთ. რაც მალე იქნება ეს აქციები, მით უკეთესი ქვეყნისთვის.

– სექტემბერში 2 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი და მათ ხომ არ შეუერთდებით?

– არა, მათ არ შევუერთდებით. პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში რაღაც სხვა მოთხოვნებით გამოდიან. ისინი ხელისუფლების გადაყენებას არ ითხოვენ, დასდევენ ამ საწყალ არაბებსა და ჩინელებს და ივანიშვილზე ერთ საყვედურს ვერ ათქმევინებ.

აქციებს მათთან ერთად გავმართავთ, ვინც მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის ხსნა ხელისუფლების გადაყენებასა და ვადამდელ არჩევნებშია.