– დავინტერესდები, როდესაც აღმოჩნდება ჩვენს იურისდიქციაში და დააპატიმრებენ, – ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას ეხმაურება. გოგიჩაიშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სააკაშვილის შესვლის ფაქტს, პიარ აქციას და სპექტაკლს უწოდებს.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბევრი სასამართლო პროცესი და ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება ელოდება.
– ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, კიდევ ერთი პიარ აქცია. საერთოდ არ მაინტერესებს ეს როგორ დამთავრდება, დავინტერესდები მაშინ, როდესაც ის აღმოჩნდება ჩვენი იურისდიქციის ქვეშ და მას დააპატიმრებენ. ეს არის საინტერესო ბევრად იმიტომ, რომ მას წინ აქვს ბევრი სასამართლო პროცესი, სადაც მან იმ დანაშაულებებზე უნდა აგოს პასუხი, რასაც ის 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

