მარგველაშვილი – ”ოკუპირებულ ერედვში რუსების ფულით ქართველ დევნილთა სახლების დანგრევა ქართული კვალის წაშლას ისახავს მიზნად”

მარგველაშვილი - ”ოკუპირებულ ერედვში რუსების ფულით ქართველ დევნილთა სახლების დანგრევა ქართული კვალის წაშლას ისახავს მიზნად”საქართველოს პრეზიდენტის ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.

ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან.

ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“, -აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.


სოფელ ერედვში, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაფინანსებითა და სამშენებლო კომპანია ,,შანსის” ტექნიკით, საცხოვრებელი სახლების კედლებს ანგრევენ და მიწას საძირკვლისგან ასუფთავებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანიამ წლის ბოლომდე სოფელი ერედვი ყველანაირი კონსტრუქციისგან უნდა გაწმინდოს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მართვის სამსახურის უფროსის, ვალერი კოკოევის თქმით, გათვალისწინებულია სოფელ ერედვის გაწმენდა 268 სახლისგან.
– ორ კვირაში ნახევარი ტერიტორია უკვე გაწმენდილია, 163 სახლის მიწისზედა ნაგებობა გატანილია და ადგილი უკვე მოსწორებულია. იგეგმება გათავისუფლებული ტერიტორიის გადაცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, – აცხადებს კოკოევი.
ცხინვალის ტელევიზიის ცნობით, ტერიტორიის გასუფთავება ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციო-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში” ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 4,2 მლდ რუსული რუბლით, (დაახლოებით 70 მლნ დოლარი) ფინანსდება.