პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლიელებების პროექტზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მთავარ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შეძლეს. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი გაითავალისწინებს საზოგადოების და პოლიტიკური ძალების მოსაზრებას და კონსტიტუცია იქნება საყოველთაო თანხმობით მიღებული დოკუმენტი.
– მინდა მადლობა ვუთხრა პარტიებს იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა მუშაობა. ყველა პარტიამ გაიაზრა პრინციპი, იმისთვის რომ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ”ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებულ პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ იმ სახის ცვლილებებს, რომლებზეც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება და უჭერს მხარს.
ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით ბევრ საკითხზე და ეს პროცესი მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს. გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან, რომ კონსტიტუცია ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი.
ეს არის საარჩევნო სისტემა, როგორც პარლამენტის ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უსაფრთხოების საკითხები და უშიშროების საბჭოს თემა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა მთავარი, ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“, გაეგზავნება ვენეციის კომისიას, იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, შევძლოთ მისვლა საერთომდე და მისვლა თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში ის მითი, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერაფერზე თანხმდებიან არის დამსხვრეული, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიუპოსტი

