სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტმა „კურიერს“ ინტერვიუ მისცა.
პატიმარი გლდანის ციხიდან დუმილს არღვევს და ჰყვება რა დავალებებს აძლევდნენ მას ოკუპირებულ აფხაზეთში. მისი თქმით, სია გრძელი იყო, რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსანდრე სამუშიას დიდი ფულის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და ლევან ვარშალომიძის ლიკვიდაციას სთხოვდა.
სცენარი გაწერილი იყო: მერაბიშვილი პოლიციის შენობის გახსნაზე უნდა მოეკლათ, ვარშალომიძე კი – ბათუმში.
პატიმარი, რომელმაც ინტერვიუ „კურიერს“ მისცა, აღიარებს, რომ საიდუმლო ოპერაციის დასრულება ოკუპირებულ რეგიონში თავად გადაწყვიტა და ქართველების მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ვალმელ ბუთბა მოკლა. მკვლელობის შემდეგ ბუთბასა და მისი მეგობრები ცხედრები მანქანიდან გადმოყარეს, თავად საიდუმლო აგენტი კი გაიქცა.
აგენტის განცხადებით, საიდუმლო ოპერაციის შემდეგ, მას ქართული სპეცსამსახურები მფარველობდნენ, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის დააკავეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი გლდანის ციხეში მოათავსეს.
სპეცაგენტი დახმარებას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ ის საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის დავალებით დააკავა და კრემლის მითითებით შესაძლოა, ის ციხეში მოკლან.
რუსთავი 2

