სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას, მათ კი რა გააკეთეს?!, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
სააკაშვილმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო პოროშენკოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
– სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას, შემდეგ კი სანამ სასამართლოში ჩემს უფლებებს დავიცავდი, მეგობრებს შევხვდებოდი და ამ დროს თქვენთან ერთად გავატარებდი. მათ კი რა გააკეთეს?! ხალხი აბუჩად აიგდეს. რაღაც აფეთქების შესაძლებლობის იმიტაცია შექმნეს, ე.წ. ტიტუშკები მოიყვანეს, დააშინეს მატარებლის გამცილებლები, იქ მყოფი მგზავრები, შეუქმნეს ხელოვნური რიგი საზღვარზე. უკრაინელმა ხალხმა იცის, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. მე მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო, რადგან თუ ის შედგება, როგორც სახელმწიფო, ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა იქნება, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

