მიტროპოლიტი დიმიტრი: „დეკანოზმა გერმანიაში ჩამოსვლაზე კურთხევა მთხოვა“

მიტროპოლიტი დიმიტრი: „დეკანოზმა გერმანიაში ჩამოსვლაზე კურთხევა მთხოვა“ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზისთვი,ს გიორგი მამალაძისთვის გერმანიიდან მას არ დაურეკავს და ჩასვლა არ უთხოვია, როგორც ამას მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პირიქით, მას დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მისწერა დაახლოებით 2 თებერვალს და გერმანიაში ჩასვლაზე კურთხევა სთხოვა:

– არა, მე არ დამირეკავს, უბრალოდ, თვითონ შემატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა (ჩამოსვლის) და მე მივეცი კურთხევა და გადმოვუგზავნე მას და დაახლოებით 7-8 მღვდელმთავარს კლინიკის მისამართი და სასტუმრო, სადაც ვიყავით გაჩერებული. ეს იყო და ეს.- ამბობს დიმიტრი შიოლაშვილი.

მისივე თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას განუმარტა, თუ რატომ სურდა გერმანიაში ჩასვლა და ის ადრეც ყოფილა გერმანიაში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მკურნალობის კურსს გადიოდა:

– რა თქმა უნდა, განმიმარტა, წინა მკურნალობის დროსაც არაერთხელ ჩამოსულა და იქ იყო დაახლოებით 30 ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა ჩამოსულიყო და დასწრებოდა პატრიარქის ოპერაციას. მღვდელმთავრები იყვნენ, მღვდლები იყვნენ, სასულიერო პირები იყვნენ, საერონი და ასე შემდეგ.

მომწერა, რომ მას ჰქონდა სურვილი, მე სასამართლოზეც განვაცხადე, რომ მოვწერე, რომ ძალიან განვიცდიდით პატრიარქის მდგომარეობას, რადგან ექიმები ცოტა ორჭოფობდნენ ასაკის გამო, დიაბეტის გამო და ასე შემდეგ. ძალიან განვიცდით-მეთქი პატრიარქის მდგომარეობას და ის მწერდა, რომ მესმის თქვენიო და ეს იყო ჩვენი საბოლოო ურთიერთობა. მე მითხრა, მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე და თუ შეიძლება მაკურთხეთო,- ამბობს დიმიტრი შიოლაშვილი.

ნეტგაზეთი