ერაყის პრემიერმა ჰაიდერ ალ აბადიმ განაცხადა, რომ 16 წლის გერმანელი გოგო ლინდა ვენცელი, რომელიც მანამდე მოსულში დააკავეს, ბაღდადის ციხეშია და მის ბედს ერაყის სასამართლო გადაწყვეტს. ამის შესახებ Time-ი წერს.
– ზოგიერთი კანონმდებლობით, მოზარდები პასუხს აგებენ საკუთარ საქციელზე, მით უმეტეს თუ საქმე ეხება პროსტიტუციას ან უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
16 წლის ლინდა ვენცელი გერმანიიდან თურქეთში 1 წლის წინ გაფრინდა, თურქეთიდან კი ერაყში, ქალაქ მოსულში შეძლო გადასვლა, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლზე, ჩეჩენ ტერორისტზე დაქორწინდა. როდესაც ერაყის არმიამ ქალაქი მოსული ტერორისტებისგან გაათავისუფლა, ლინდა ვენცელი ჯარისკაცებმა მის მკვდარ მეუღლესთან იპოვეს, ის შველას ითხოვდა. ამასთან, ერაყის მხარის ცნობით, ლინდა ხმამაღლა ამბობდა, რომ მან ერაყელი ჯარისკაცები მოკლა.
ერაყის არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი The Telegraph-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ლინდა ვენცელი ტერორისტებთან ერთად იბრძოდა და მათი სნაიპერი იყო. ამ ბრალდებაზე გერმანელი პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლოა მას ტერორისტები “იყენებდნენ”.
18 ივლისს, ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრი 20 ქალი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი ლინდა ვენცელი იყო. ისინი მიწისქვეშა გვირაბებში იმალებოდნენ და თან ჰქონდათ იარაღი და ეგრეთ წოდებული „შაჰიდის ქამრები“.
იმედინიუსი

