,,პატრიოტთა ალიანსი“ რუსთაველზე შიმშილობას იწყებს

,,პატრიოტთა ალიანსი“ რუსთაველზე შიმშილობას იწყებსცოტა ხნის წინ ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ, რომლის დაკმაყოფილების მოთხოვნით ,,პატრიოტთა ალიანსის“ 17 წარმომადგენელი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი მოთხოვნები შემდეგი შინაარსისაა:

საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა;

კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა;

უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა;

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი;

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს;

შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის “საქართველო-ნატო-რუსეთის” ამოქმედებაზე და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან;

შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია, რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას, არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს წლიურად და ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%. იგივე უნდა ეხებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს;

ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლობას;

იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა – სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს, შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების სისტემა.

ნიუპოსტი