საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისთვის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნაზე. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა.
– საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ რომ პირველ რიგში კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი, მათ შორის კი მთავარი არის ის, რომ ის არ არის თანხობის დოკუმენტი. ამავედროს პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. საკონსტიტუციო პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს. ყოველივე ამ ზემოთქმულიდან გამომდინარე პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას. თუმცა გაცნობებთ, რომ ეს არის პრეზიდენტი პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის შემდეგ, – განაცხადა ანა დოლიძემ.

