“ქართული ოცნების” შიდა კვლევაში ზუგდიდში ნაციონალების კანდიდატი ლიდერობს – კონჯარია გოგიას უგებს

"ქართული ოცნების" შიდა კვლევაში ზუგდიდში ნაციონალების კანდიდატი ლიდერობს - კონჯარია გოგიას უგებს“ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ქალაქ ზუგდიდის ხუთივე ზონაში შიდა კვლევა ჩაატარა. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ 30 სოფლის მოსახლეობაც გამოკითხა.

როგორც ინფორმირებულმა წყარომ ზუგდიდან გვაცნობა, კვლევის შედეგები „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საღამოს მიიღო, როცა „ტვ.პირველის“ ეთერში მერობის კანდიდატთა ცხარე დებატები მიმდინარეობდა.

კვლევის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ლევან კონჯარიას, გამოკითხულთა 37%-მა დაუჭირა მხარი. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას სასარგებლოდ კი გამოკითხულთა 32%-მა დააფიქსირა აზრი. შემდეგ 2%-ით მოდის „ევროპული საქართველო“ და მისი მერობის კანდიდატი ლელა ქებურია. 2% აქვს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ზვიად სიჭინავასაც.

მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა სულ 3.000 მოქალაქე გამოკითხეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა.
ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მხოლოდ მერს და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.

ზუგდიდში მერობის 7 კანდიდატია დარეგისტრირებული.