პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დეპუტატები არ ეთანხმებიან ანგარიშის შედეგებს. რამდენად არის საქართველოს პარლამენტის პრობლემა ის ბიზნესმენები, რომლებიც მოდიან პოლიტიკაში იმიტომ, რომ ლობირება გაუწიონ მხოლოდ საკუთარ ბიზნესს, თუ ეს გავლილი ეტაპია?
– არა, გავლილი ეტაპი ნამდვილად არ არის. ამ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მართალია, არც ეს დეპუტატები და არც პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება ამ კვლევის შედეგებს, მეტიც, უპასუხისმგებლოს უწოდებს, მაგრამ პრობლემა რომ არსებობს, ეს დღეს არ გარკვეულა. მსგავსმა კვლევებმა ასეთ დღეში რომ არ ჩააგდოს არც პარლამენტი და არც მისი ხელმძღვანელობა, ამისთვის საჭიროა მეტი კონტროლის მექანიზმების არსებობა.
ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ავადმყოფობა არ არის. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, თუკი ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, ის ცდილობს შეეზარდოს ხელისუფლებას, რათა უფრო კომფორტულად იყოს. ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, ნულამდე დაყვანა ალბათ შეუძლებელია.
– პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძალიან მკაცრია ამ მიმართულებით კანონმდებლობა, დეპუტატობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობა უფლებამოსილების შეჩერებით ისჯება.
– ეს კანონი არსებობს, მაგრამ კონტროლისთვის მეტი მექანიზმია საჭირო. სანამ ჟურნალისტებამდე მივა საქმე და ატყდება მთელი ამბავი, იქამდე, ვისაც ეს ევალება, თუნდაც კომიტეტის თავმჯდომარემ, რატომ არ მოიკვლია ეს საკითხი?!
– გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ახალი ამბავი არ არის.
– და მაშინ რატომ არ იმოქმედა?! კარგ კანონებს ვიღებთ, მაგრამ მათი აღსრულების მექანიზმი არ არის ისეთი, რომ რეალურად მოხდეს მისი ამოქმედება.
– შევარდნაძის მმართველობის დროს მოვიდნენ ძირითადად ბიზნესმენები ხელისუფლებაში და ღიად ლობირებდნენ თავიანთ ბიზნესს. გვახსოვს, საპარლამენტო სიებში მოსახვედრად დიდ თანხებს როგორ იხდიდნენ.
– დიახ, ეს ადამიანები ღიად მოდიან ბიზნესის საკეთებლად და არა პოლიტიკის საკეთებლად, ამაშია მთელი უბედურება.
– ეს ალბათ უფრო საბჭოური გადმონაშთია, რადგან ევროპაში სულ სხვანაირად ხდება.
– ევროპამ ეს ეტაპი გაიარა. ჩვენ ვერ გავიარეთ. ცხადია, ყველა ქვეყანაში ბიზნესი დაინტერესებულია, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, ისეთი კანონები იქნას მიღებული, რომ თავი კარგად იგრძნოს და ამით ქვეყნის ბიუჯეტშიც შეიტანოს თავისი წვლილი, მაგრამ ევროპაში ბიზნესმენს თავში აზრად არ მოუვა, რომ როგორმე საპარლამენტო სიაში ადგილი იყიდოს და თვითონ დაჯდეს პარლამენტში.
ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ძალები, რომელთა მმართველობის დროსაც მისი ბიზნესი დაცული იქნება. ევროპულ სინამდვილეში ბიზნესი თავის ინტერესებს პოლიტიკური პარტიების საშუალებით აგვარებს, აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას და ცდილობს, ის მოვიდეს. ჩვენთან კი თავად ბიზნესი ცდილობს, მოვიდეს ხელისუფლებაში.
– და რამდენად არის ეს ჯანსაღი?
– რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი. თუმცა, ორივე შემთხვევაში გამოდის, რომ ქვეყანა არ არის დაცული ბიზნესინტერესების გავლენებისგან.
– საპარლამენტო სიებში ბიზნესმენების ღიად ჩასმა რამდენად არის მომგებიანი პარტიებისთვის?
– ეს არის საინტერესო კითხვა. თუ არსებულ სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, არჩევნებზე მისული ადამიანების უმეტესობას ის მილიონერი, რომელიც სიაში დახვდება, ვერანაირად ვერ მოხიბლავს. მას ეგრევე უჩნდება პროტესტის განცდა და ეს სრულიად ადამიანური განცდაა. მეორე საკითხიც იჩენს თავს _ „მე მომპარა“, „ქვეყანას მოპარა“, „საიდან მოიტანა“, ხომ გსმენიათ ეს ფრაზები. ამ შემთხვევაში მილიონერების ასე ღიად ჩასმა საპარლამენტო სიაში, რასაკვირველია, მომგებიანი არ არის.
– თუმცა, ის განცდაც ხომ არის: ის არის მილიონერი და მე არ მომპარავს.
– რა თქმა უნდა, ეს განცდაც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში წვრილფეხობა არ იგულისხმება. გააჩნია ბიზნესისა და ბიზნესმენის მასშტაბს. ასეთი განცდა აქვს ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ საუბარია მილიარდერზე, რომელიც მხოლოდ ქველმოქმედებით არის დაკავებული და ფულიც სხვა ქვეყანაში აქვს ნაშოვნი და არა აქ, საქართველოში.

