”როცა წავალ, ალბათ იტყვის დედა, ეს რა კარგი გამიზრდია შვილი…” – კუთხე, სადაც ძვირფასი მოგონებები ცოცხლობენ

ცოტა ხნის წინ ბესო დანელიამ ფეისბუქზე ნიკო გომელაურის შესახებ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა;

”გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ,,თავისუფალ თეატრში ,, ნიკომ მკითხა მისი საღამოს დაწყებამდე: რომელი ლექსი გიყვარს ყველაზე მეტად ჩემი პოეზიიდანო?

მას შემდეგ, რაც დავუსახელე, ,,როცა წავალ,, -დამიწერა მისი ხელით და მისახსოვრა. ყველა ადამიანს გააჩნია მისთვის მნიშვნელოვანი ნივთების კუთხე – სადაც ძვირფასი მოგონებები ცოცხლობენ, სწორედ იქ დაიდო იმ დღიდან ბინა მისმა ხელწერამ – ნიკო გომელაურის ხსოვნის უკვდავსაყოფად”.

 —
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ, გაიხსენებს მამა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ, მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ კი ვიცი, ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას …