სააკაშვილი ავტობუსში გადაჯდება და საზღვარს შეგინთან გადაკვეთს

სააკაშვილი ავტობუსში გადაჯდება და საზღვარს შეგინთან გადაკვეთსმიხეილ სააკაშვილმა პირველ გეგმას დაუბრუნდა. მას შემდეგ, რაც ის მხარდამჭერებთან და უკრაინელ დეპუტატებთან ერთად იძულებული გახდა, მგზავრების გამო, მატარებელი დაეტოვებინა, მან მიიღო გადაწყვეტილება კვლავ ავტობუსით გამგზავრებულიყო.

– ჩვენ გთავაზობთ ყველას, ავტობუსებით წავიდეთ “კრაკოვეცისკენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარის და პოლონეთის ოფიციალური უწყებების ჩარევის მიუხედავად, უკრაინის მიმართულებით მატარებელს დაძვრის საშუალება არ მისცეს. დისპეტჩერი აცხადებდა, რომ მატარებელი მანამ არ დაიძვრებოდა, სანამ სააკაშვილი ვაგონში იყო. მატარებელში ასული პოლონელი სამართალდამცავები, რომლებმაც სააკაშვილის პასპორტი შეამოწმეს, აცხადებდნენ, რომ პოლონურ მხარეს პრეტენზია არ ჰქონდა.

უცნობია, ვინ გასცა ბრძანება. სააკაშვილის თქმით, შს და ტრანსპორტის მინისტრი აღნიშნულზე პასუხისმგებლობას არ იღებდა, მისივე ვარაუდით, რჩება ერთადერთი – უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს ბრძანება.

ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა უკრაინის შს სამინისტრომ, ავაკოვის უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთში მატარებლის გადაადგილებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ის ვერ ჩააღწევს უკრაინის საზღვრამდე.

– ასეთ საჩუქარს პოროშენკოს არ გავუკეთებ. წავალ საზღვარზე, გავესაუბრები მესაზღვრეებს და დავიცავ ჩემს უფლებას, დავბრუნდე უკრაინაში, – აღნიშნა სააკაშვილმა.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “შეგინთან” გადაკვეთს.

ეს სასაზღვრო პუნქტი პოლონურ სარკინიგზო სადგურ პერემიშლიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს.