– მიშას აქტიურობა საქართველოზე არ არის გათვლილი. 10 სექტემბერს (ამ დღეს დაბრუნდა ის უკრაინაში) ჩვენ ვიხილეთ გაგრძელება ბლოკბასტერისა “მიშა მაგარია”. ის ზუსტად ისევე შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ვარდების რევოლუციისას პარლამენტის შენობაში. ახლაც ისევე ცდილობენ მისი იმიჯის გამოსწორებას, როგორც მაშინ, როცა 17%-იანი პარტია უმრავლესობით მოიყვანეს საქართველოს ხელისუფლებაში.
მინდა კარგად იცოდეს თქვენმა მკითხველმა, რომ ეს არ არის დასავლეთის ინტერესი,- აცხადებს ზაალ კასრელიშვილი „ახალ თაობასთან“ საუბარში.
მისი განცხადებით, დასავლეთში რამდენიმე ადამიანის კორპორაციულ ინტერესს წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. რადგან ეს ინტერესი არსებობს, მან ამის გათვალისწინება გადაწყვიტა და სათავისოდ გამოიყენა.
– ჩვენთვის ისიც ცნობილია, ვისთან მესიჯობდა ის საზღვართან და ვინ შეიყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ვიცით, რატომ შეიყვანეს და მოვლენები როგორ განვითარდება.
უკრაინაში მიშას შეყვანას ორგანიზება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა და სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა გაუკეთეს. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ უნდოდათ, პოროშენკოს თვალში მათი საჭიროების ხარისხი გაზრდილიყო. უნდოდათ, რომ გაყოფის დროს პოროშენკო თავისი გუნდის წევრებთან უფრო გულუხვი ყოფილიყო.
სააკაშვილის უკრაინაში შეყვანას ორგანიზება კიდევ რამდენიმე ოლიგარქმა გაუკეთა.
მათ უნდათ, რომ მიშა მედვედჩუკს და ახმატოვს დაატაკონ. ისინი უკრაინაში ყველაზე მსხვილ ოლიგარქებად ითვლებიან. სააკაშვილის დაბრუნებამ დრომოჭმული და ურეიტინგო პოლიტიკოსები გააცოცხლა. მათ მიშას გარშემო აქტიურობის ხარჯზე მოვლენა შექმნეს და ასე დაბრუნდნენ პოლიტიკურ ველზე.
ჩვენ ისიც ვიცით, თუ ვისზე დაიდებოდა ფსონი, თუ ვითარება გართულდებოდა. სააკაშვილი სიტუაციას არავითარ შემთხვევაში არ გაამწვავებდა. ვინმეს თუ არ ახსოვს, კადრები გადაახვიოს, როგორ აგზავნის სააკაშვილი სმს-ებს. თავიდან მას შესვლის იმედი არ ჰქონდა. და როცა ნებართვა მიიღო, ეკრანების წინაშე მაშინვე გააქტიურდა და ვიღაც გენერალს სერიოზული ბოლშევიკური პათოსით მიმართა.
მის გარშემო მიმდინარე პროცესები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს დააიმედებს. შესაბამისად, გაააქტიურებს კიდევაც, რაც შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის. გაქცეული სარდალი თავის მომხრეებს ისე ვერასდროს მართავს, როგორც მებრძოლებთან მყოფი. სარდალი თუ ხარ, მაკედონელივით და ერეკლე მეფესავით უნდა იყო – მათთან ერთად უნდა გეძინოს და მათთან ერთად უნდა იმალებოდე, თუ გდევნიან.
რაც უკრაინაში მოხდა, ეს არის პოლიტიკური თამაშობანი. ამ თამაშობანის შედეგი პოროშენკოს გვერდზე გაწევა იქნება, რომელსაც ისედაც უნდა წასვლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიშა მოვა. დასავლეთის სამხედრო ელიტას მისი აქტიურობა პოროშენკოს მიმართ მხოლოდ ერთი მიზეზით აწყობს – უკრაინას ჯარის გასაძლიერებლად თანხას და შეიარაღებას აძლევენ და არ უნდათ, რომ ამ ფულის გაფლანგვა მოხდეს, – აცხადებს ა„ახალ თაობასთან“ ზაალ კასრელიშვილი.

